„როდესაც ჟურნალისტი ხარ და შეურაცხყოფას აყენებ რესპონდენტს…“ – კახა კალაძე

ირაკლი კობახიძის მხრიდან ერთ-ერთი ჟურნალისტის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკაშვირებით განცხადებას თბილისის მერი კახა კალაძეც აკეთებს. როგორც კალაძე აცხადებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ურთიერთპატივისცემა იყოს.

„ვგმობ იმ დამოკიდებულებას, რაც არის გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან. ეს ძალიან საწყენია და ცუდია. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა. შეიძლება, არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია. როდესაც ჟურნალისტი ხარ და შეურაცხყოფას აყენებ რესპონდენტს, არ აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკოსი მოგწონს, თუ არა, არ არის მისაღები. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ურთიერთპატივისცემა იყოს. იქნება ეს პატივისცემა, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, ჩვენგანაც ათასჯერ მეტი პატივისცემა იქნება, სიყვარულიც“ – განაცხადა კახა კალაძემ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ “მთავარის“ ჟურნალისტ შეურაცხყოფა მიაყენა. დეპუტატის გაღიზიანება კი ჟურნალისტის კითხვამ – „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“, გამოიწვია.

კობახიძემ ჟურნალისტს ასე მიმართა: „კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ… სირცხვილია, სახე დაკარგეთ… ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია…. “ნაცმოძრაობის” გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა… ქალის სახე დაკარგე… რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე..“

მსგავსი თემები