ხელისუფლებას უწევს მცირე ბიზნესისთვის არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება – რომან კაკულია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ ხშირად ხელისუფლებას უწევს მცირე ბიზნესისთვის არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება, რაც ერთი მხრივ განპირობებულია საზოგადოებრივი დაკვეთით, მეორე მხრივ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებებით. 

როგორც რომან კაკულიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შესაძლებელია 3 ძირითადი ფაქტორის გათვალისწინებით: კაპიტალის მოზიდვა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე მუშახელი.

დეპუტატის თქმით, სამივე ამ მიმართულებით ქვეყანაში არის პრობლემები, მაგრამ პრობლემები ხელისუფლების მხრიდან დანახულია და ხელისუფლებას მოუწევს არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება. 

​”არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს იმ საბაზრო პირობებში, რომელშიც ვიმყოფებით და იმ რესურსების პირობებში, რომელიც ჩვენ გვაქვს. აქ მნიშვნელოვანია დაცვითი მექანიზმების გამომუშავება. როდესაც კერძო სექტორს, გარკვეული რესურსი უძვირდება, სახელმწიფომ სხვა მხრივ უნდა მისცეს შეღავათი, რომ საერთო ჯამში ეს ყველაფერი პროდუქციის თვითღირებულებაზე არ აისახოს. მან უნდა გამოუშვას პროდუქცია და ის უნდა იყოს კონკურენტუნარიანი. კონკურენტუნარიანი პროდუქციის შესაქმნელად ნებისმიერი დახმარება მნიშვნელოვანია, იქნება ეს ბაზრის მოძიება თუ კვალიფიციური კადრების მომზადება, რაშიც ის გაზრდილი ხარჯის პირობებში თანხას დაზოგავს. სხვა ალტერნატივა აქ არ არსებობს. იგივე საპენსიო ფონდის პირობებში. ჩვენ რაც არ უნდა ვიძახოთ, ფონდში გადასარიცხი 2 % მეწარმეს დააწვა. საუკეთესო სცენარის შემთხვევაში ეს ძალიან კარგია პოტენციური პენსიონერისთვის, რომ მიიღოს ღირსეული პენსია; სახელმწიფოსთვის, რომელიც შექმნის ალტერნატიულ დაფინანსების წყაროებს, მაგრამ ბიზნესზე, რა თქმა უნდა დაწოლაა. მაგრამ ეს არის უალტერნატივობიდან გამომდინარე გადაწყვეტილება. არ ჩანდა საბაზო პენსიის განვითარების სხვა პერსპექტივა, იმისთვის, რომ ღირსეული პენსია ყოფილიყო მიღწეული”, – განაცხადა რომან კაკულიამ “მთავარში”.

მსგავსი თემები