„მთელ მსოფლიოში გრძელდება COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების მატება“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის შემთხვევების მატებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროცესი მასშტაბურია.

„მთელ მსოფლიოში გრძელდება COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების მატება. ა.წ. 20 ივლისს მსოფლიოში COVID-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა (მათ შორის აშშ-ში – 367, ბრიტანეთში – 144, ისრაელში – 27 და ა.შ.). ეს იმათ საყურადღებოდ, ვინც ომიკრონის შტამებით გამოწვეულ COVID-ს სერიოზულად არ აღიქვამს.

საქართველოშიც ბოლო პერიოდში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება, მაგრამ საბედნიეროდ COVID გარდაცვალების მაჩვენებლები დღემდე რჩება მინიმალურ (მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ) ნიშნულზე, რაც განპირობებულია ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი. სამწუხაროდ, არიან ადამიანები (საბედნიეროდ დიდი უმცირესობა), რომლებსაც აღიზიანებთ ეს სიტუაცია?! და ისეთებიც არიან, რომლებიც COVID ავადობის და შესაბამისად გარდაცვალების შემთხვევების მატების დროს ჯანდაცვის სისტემას და ექიმებს ლანძღავენ“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ინფექციონისტის შეფასებით,  მაშინ, როცა ძალიან კარგი მაჩვენებლები გვაქვს, ცდილობენ ეს ფაქტი არ შეიმჩნიონ ან თვლიან, რომ ეს ჯანდაცვის სისტემის და ექიმების დამსახურება კი არ არის, არამედ უბრალოდ გვიმართლებს.

„რას ვიზამთ, ეს ადამიანებიც ჩვენი სინამდვილის ნაწილია და მათთან თანაცხოვრებაც უნდა ვისწავლოთ. COVID არსად წასულა და სავარაუდოდ კარგა ხანს შენარჩუნდება როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია“ – აცხადებს ინფექციონისტი.

მსგავსი თემები