ლავროვის განცხადებით, ოდესის ნავსადგურზე სარაკეტო დარტყმის სამიზნე სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ოდესის ნავსადგურზე თავდასხმით, მოსკოვს სტამბოლში ხელმოწერილი შეთანხმების, არც ერთი პუნქტი დაურღვევია.

„თუ ვსაუბრობთ იმ ეპიზოდზე, რომელიც მოხდა ოდესაში, არ არსებობს არაფერი იმ ვალდებულებებში, რაც რუსეთმა აიღო – მათ შორის 22 ივლისს სტამბოლში გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, რომელიც აგვიკრძალავს სპეცოპერაციის გაგრძელებას“, – განაცხადა ლავროვმა კონგოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლავროვის თქმით, ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმის სამიზნე პორტში არსებული სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო.

„რაც შეეხება იმ მაღალი სიზუსტის დარტყმების სამიზნეებს, ისინი განლაგებულია ოდესის პორტის ცალკეულ ნაწილში, ოდესის პორტის ე.წ. სამხედრო ნაწილში. ეს სამიზნეები იყო უკრაინის საზღვაო ძალების საბრძოლო ნავი და საბრძოლო მასალის საცავი, სადაც ახლახან იქნა მიტანილი „ჰარპუნი“ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები. ისინი იქ მიიტანეს, რათა საფრთხე შეექმნათ რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის“,- აღნიშნა ლავროვმა.

მსგავსი თემები