„ვითიბი ბანკის“ ყიდვასთან დაკავშირებით, ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა”- ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი „ვითიბი ბანკთან”  დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ოფიციალურად  ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით, ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შესულა.

ეროვნული ბანკის განმარტებით,  ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ „ვითიბი ბანკის“ ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს. თუმცა, ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა, შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. გამომდინარე იქიდან, რომ „ვითიბი ბანკი“ არის სანქცირებული აშშ ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ ხაზინის დეპარტამენტთან. ეროვნული ბანკი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე“, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

შეგახსნებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ,,ვითიბი ბანკს” ყიდულობს.

მსგავსი თემები