საქართველოს მთავრობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართულობით უკრაინელი ბავშვები აჭარაში დაისვენებენ

მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჩართულობით უკრაინელი ბავშვები ზაფხულის სეზონზე აჭარაში დაისვენებენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელი მოქალაქეების ჯგუფი – კერძოდ მცირეწლოვანი ბავშვები და მათი მშობლები აჭარას დღეს ესტუმრნენ. სტუმრებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი დახვდნენ. პატარა ვიზიტორებს გასართობი პროგრამით საყვარელი ანიმაციური პერსონაჟები შეეგებნენ.

მათივე ცნობით, უკრაინელი ბავშვები ერთთვიან გამაჯანსაღებელ და დასვენების კურსს გონიოში გაატარებენ. აჭარის მთავრობის ორგანიზებით მათთვის დაგეგმილია გასართობ-შემეცნებითი აქტივობები და ტურები.

უკრაინელი ბავშვების საქართველოში დასვენების პროგრამა ქ.კიევის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. 50-ზე მეტი უკრაინის მოქალაქე უკრაინიდან მოლდოვას მიმართულებით ქ.კიევის ვიცე-მერმა მარინა ხონდამ და უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა გამოაცილეს. ჯგუფის საქართველოში მგზავრობას და დასვენებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.

ქ.კიევის ვიცე-მერის, მარინა ხონდას შეფასებით, საქართველოს მთავრობის  დახმარება სწორედ იმის დასტურია, რომ ორივე ქვეყანას ძალიან კარგად აქვს გააზრებული თუ ვის ებრძვის და რაოდენ მნიშნველოვანია ჩვენი შვილების მომავალი.

„ამიტომაც, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა მადლიერებას ქართველი ხალხის, საქართველოს მთავრობის და სრულიად საქართველოს მიმართ.“ – განაცხადა ქ.კიევის ვიცე-მერმა მარინა ხონდამ.

მსგავსი თემები