ბათუმში, მუხრან ვახტანგაძის საერთაშორისო ტურნირი მეშვიდედ ჩატარდა

 

მსოფლიო ჩემპიონ მუხრან ვახტანგაძის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის ბათუმში წელს მეშვიდეთ ჩატარდა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, ბათუმის სასპორტო სკოლაში გაიხსნა. მასში 12 ქვეყნის 200-მდე მოჭიდავე მონაწილეობდა. გამარჯვებულები კი 10 სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

როგორც მსოფლიო ჩემპიონმა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ „მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, სპორტული ღონისძიებების მხრივ აჭარა ერთ-ერთი ლიდერია და მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდების წასახალისებლად საჭირო და აუცილებელია.

„მახსოვს, ტურნირი 7 წლის წინ როგორ დაიწყო, როგორ განვითარდა და დღეს რა მასშტაბებს მიაღწია. განვითარება აშკარა და თვალსაჩინოა. ჩვენი რეგიონისთვის მსგავს ღონისძიებებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. მსგავსი ტურნირები მნიშვნელოვანია, როგორც სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის, ისე სპორტსმენების წახალისებისა და გაძლიერებისთვის“, – აცხადებს ვახტანგაძე.

დეპუტატმა ტურნირის საპატიო სტუმრებს, სპეციალური დიპლომები და ლევან ჯიოშვილის ავტორობით გამოცემული წიგნი – „მუხრან ვახტანგაძე“ გადასცა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვეტერანი სპორტსმენები და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წევრები დაესწრნენ.


მსგავსი თემები