,,როგორი სასამართლო არ ყოფილა ქვეყანაში, მაგრამ არ გამიგია თავდასხმები მოსამართლის მხრიდან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე”- ნიკა გვარამია 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება ნიკა გვარამიაც, რომელმაც საქმის განხილვის დაწყებამდე განცხადება გააკეთა მისი საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე. გვარამიას თქმით, დასაგმობია მოსამართლის ოჯახის წევრების მიმართ ბულინგი.

,,მოვისმინე ბატონი ლაშა ჩხიკვაძის განცხადებები, არ ვიცი მოსამართლის ეთერებში სიარული და ზემდგომი სასამართლოსთვის მიმართვა რას ემსახურება. როგორი სასამართლო არ ყოფილა ქვეყანაში, მაგრამ არ გამიგია თავდასხმები მოსამართლის მხრიდან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე.

ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ არ წყდება ბულინგი მისი მეუღლის და შვილების მიმართ, როგორი მიზეზიც არ უნდა არსებობდეს, არ არსებობს თეორიული მიზეზიც კი მისი ოჯახის წევრების მიმართ ნებისმიერი ამგვარი ქმედებისა. გამოვრიცხავ ნებისმიერი ჩემი მეგობრის, ან ოჯახის წევრის ჩართულობას ამ ყველაფერში, ეს კატეგორიულად დაუშვებლად მიმაჩნია, მოვითხოვ ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ შეწყდეს. კეთილსინდისიერი იქნებოდა თუ ბატონი ჩხიკვაძე თავისი ქმედებების დროს ასევე იფიქრებდა სხვების ოჯახზე, ცოლზე, შვილებზე“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი თემები