კანში ირმა ნიორაძის ორგანიზებით მშვიდობის თემისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართა

საფრანგეთის ქალაქ კანში დიდი ბალეტის ვარსკვლავების გალა კონცერტი გაიმართა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი ქართველი პრიმა ბალერინა, მარიინსკის თეატრის ვარსკვლავი ირმა ნიორაძე იყო. გალა კონცერტი მშვიდობის თემას მიეძღვნა.

“საუკეთესო ბალეტის ერთი საღამო”- გალა კონცერტზე კლასიკური და თანამედროვე ბალეტის რეპერტუარი წარმოადგინეს ვენის, ესპანეთის, სლოვენიის, ინგლისის,ამსტერდამის, უკრაინის ეროვნული ბალეტის ვარსკვლავებმა. საბალეტო ცეკვის სიკაშკაშესთან ასოცირებული ყველა მონაწილე დარწმუნებული იყო ღონისძიების საჭიროების აუცილებლობაში და მათ ცეკვის ნამდვილი დღესასწაული, ემოციების, დიდებულების და გრაციოზულობის ნაზავი შესთავაზეს მაყურებელს.

“ჩვენთვის პრიორიტეტია კულტურული პროექტების მხარდაჭერა. მით უფრო, როცა ამ ბრწყინვალე ადგილზე, სადაც კანის ფესტივალი ტარდება, საბალეტო გალა კონცერტს ქართველი სამხატვრო ხელძღვანელი ჰყავს. ეს ქართველების დიდი წარმატება და გამარჯვებაა”- განაცხადა ბიზნესმენმა, Askaneli Art-ის პრეზიდენტმა გოჩა ჩხაიძემ.

ფრანგული პალე დე ფესტივალის ფარგლებში გალა კონცერტი “საუკეთესო ბალეტის ერთი საღამო” Askaneli Art-ის და პრიმაბალერინას ირმა ნიორაძის ორგანიზებით გაიმართა და მშვიდობის თემას მიეძღვნა.

მსგავსი თემები