„გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება რუსეთის მოქალაქის საჩივრის გამო დაიწყო“ – ადვოკატი

როგორც გოგაშვილის სს საქმის მასალებიდან ირკვევა, მისი  დაკავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსეთის მოქალაქის საჩივარი გახდა. კერძოდ, საუბარია შაბათის ეთერზე, სადაც გოგაშვილმა ქართული წარმომავლობის რუსეთში მცხოვრები ადამიანის გვარი ახსენა და აღნიშნა, რომ მათი საქმიანობის შესახებ ყველაფერი იცოდა.  ეს ადამიანები რუსეთიდან საქართველოში სწორედ 2021 წელს ჩამოვიდნენ.

სწორედ ამ ორ ადამიანზეა საუბარი, როცა პროკურატურა სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას ედავება.

როგორც ადვოკატი აცხადებს, სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი მისი დაკავების.

„ბრალის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი ეხება ორი მოქალაქის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას. ეს პიროვნებები გახლავთ ქართველი წარმომავლობის რუსეთში მცხოვრები ადამიანი კონსტანტინ რომანოვსკი და დავით ადამია. რომანოვსკი ჩვენებაში აცხადებს, რომ 2021 წლის 13 თებერვალს, მელაძის გადაცემაში გასულმა სიუჟეტმა მას მიაყენა მორალური ზიანი. სიუჟეტში საუბარია, რომ ეს ადამიანი იმყოფებოდა საქართველოში სპეციალური დავალებით, რომ გაეზომა პატრიარქის რეიტინგი და ასევე შეესწავლა პოლიტიკური ვითარება.

დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ, არ წერია კონკრეტულად რა დოკუმენტს ედავებიან, თუმცა მასალებშია არის ერთ-ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც აცხადებს, რომ გოგაშვილის თხოვნით, მას რომანოვსკისა და ადამიას საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტები მიაწოდა. ეს დოკუმენტები საჯარო სივრცეში არ გავრცელებულა. გამოძიება დაწყებულია რომანოვსკის საჩივრის საფუძველზე. საუბარია იმაზე, რო მელაძემ გოგაშვილს აჩვენა კონკრეტული პასპორტები და ჰკითხა იცნობდა თუ არა ამ პიროვნებებს. გოგაშვილმა დაუდასტურა რომ მათ პირადად არ იცნობდა თუმცა, იცოდა მათი საქმიანობის შესახებ“ – აცხადებს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე.

შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს ადამიანები ჩამოვიდნენ იმისთვის რომ 12 მღვდელმთავარში გაეზომათ, ვის როგორი რეიტინგი და გავლენა აქვს. მისივე თქმით, ჩამინათვალში მეუფე შიოც ფიგურირებდა.

 

მსგავსი თემები