,,ყველა პოლიტიკურ მხარეს უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან ხალხის წინაშე”- კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ევროკავშირის გაფართოების პროცესთან დაკავშირებით მოქალქეების კითხვებს პასუხობს.

კითხვაზე თუ, რა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, გააკეთონ იმისთვის, რომ უზრუნველყონ მთავრობის მხრიდან 12 პირობის შესრულება, ელჩი პასუხობს:

,,ძლიერ დემოკრატიას აქტიური მოქალაქეები სჭირდება. საბოლოო ჯამში, ყველა პოლიტიკურ მხარეს უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან ხალხის წინაშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში – როგორც რამოდენიმე გამოკითხვამ აჩვენა – მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს სტრატეგიულ, პროევროპულ არჩევანს. მოკლევადიან პერსპექტივაში, ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელებაზე, რაც ყველასთვის ამარტივებს პროგრესის გაზომვას და იმის განსჯას, რამდენად წარმატებულად მოღვაწეობენ პოლიტიკური ლიდერები.

მაგრამ იმისთვის, რომ იყოთ პასუხისმგებლიანი და ქმედითი მოქალაქე, საჭიროა იყოთ კარგად ინფორმირებული. ამიტომ გირჩევთ, დარჩეთ პროცესში ჩართული და მოიძიოთ ობიექტური ინფორმაცია. დეზინფორმაცია ისედაც ბევრია, მაგრამ კარგად ინფორმირებული საზოგადოება ვერ მოტყუვდება.

მშვიდობიანი დემონსტრაციები, რომლებიც ჩვენ თბილისში და სხვაგან ვიხილეთ, სადაც რიგითი მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთ მოლოდინებს ხელისუფლებისა და პოლიტიკური ელიტის მიმართ არის კიდევ ერთი, დემოკრატიული ინსტრუმენტი – ყველასთვის შეხსენება, თუ რას მოელით თქვენი პოლიტიკოსებისგან.

და ბოლოს, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ხმა მისცეთ არჩევნებში იმ პარტიებს, რომლებიც, თქვენი აზრით, უკეთ ამართლებენ თქვენს მოლოდინს და უარი თქვათ მათზე, ვინც მოლოდინს გაგიცრუებთ”,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები