,,არავითარი „ობშჩიაკი“ არ არის პენიტენციურ სისტემაში მარტივი მიზეზის გამო, თანხა მატერიალური სახით, პატიმრებს არ აქვთ”- თორნიკე ჭეიშვილი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშს ეხმიანება.

მისი თქმით, გამოწვევები არსებობს, თუმცა ცალკეული ინციდენტებით არ უნდა ვიმსჯელოთ და ვთქვათ, რომ სისტემური პრობლემაა.

„გამოწვევები არსებობს და გამოწვევები ნებისმიერი სახელმწიფოს ნებისმიერ პენიტენციურ სისტემაში არსებობს. რაც მთავარია, ცალკეული ინციდენტებით არ უნდა ვიმსჯელოთ და ვთქვათ, რომ სისტემური პრობლემაა ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის არსებობა, ან ე.წ. ობშჩიაკის აკრეფა და ა.შ. „ობშჩიაკს“ როგორ დავადასტურებ, ფული, როგორც ასეთი, ციხეში – პენიტენციურ სისტემაში არ ტრიალებს. სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, პენიტენციურ სისტემაში ნაღდი ფული არ ტრიალებს“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ჭეიშვილის განმარტებით, ფაქტები ცხადყოფს, რომ არავითარი საერთო, ანუ „ობშჩიაკი“ ვერ იქნება და არ არის პენიტენციურ სისტემაში.

„თქვენ მიერ ხსენებული საკითხები შეიძლება ითქვას, რომ უარყოფილია თავად ფაქტებით, ვიდრე იქამდე მივალ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ბუნებრივია, მსგავს ინფორმაციას არ ადასტურებს. ფაქტები ცხადყოფს, რომ არავითარი საერთო, ანუ „ობშჩიაკი“ ვერ იქნება და არ არის პენიტენციურ სისტემაში ძალიან მარტივი მიზეზის გამო, თანხა მატერიალური სახით, პატიმრებს არ აქვთ. იქ არის სპეციალური ბარათები, რომლითაც მათ შეუძლიათ კანონმდებლობით დაშვებული ნივთები შეიძინონ.

რაც შეეხება სხვადასხვა ნიშნებს, თუ მცდელობას, ვიღაცამ ვიღაცაზე გარკვეული გავლენა მოახდინოს, როცა საუბარია მსგავს ნიშნებზე, რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური მყისიერად ატარებს ზომებს, რათა, თუ ეს ნიშნები არის, აღმოფხვრილი იყოს. მეორე მხრივ, როცა საუბარია ე.წ. სუბკულტურაზე, გეტყვით, რომ არსებობს ძალიან ეფექტიანი მექანიზმები პენიტენციურ სისტემაში იმისათვის, რომ ნებისმიერი მიდრეკილება, ნებისმიერი მცდელობა პატიმართა შორის გარკვეული იერარქიის არსებობისა, იყოს დაზღვეული და გამორიცხული. ეს პირველ ყოვლისა, არის პატიმრის გადაყვანის მექანიზმი, პატიმართა რისკის ინდივიდუალური შეფასება და ა.აშ “,- განაცხადა ჭეიშვილმა.

მსგავსი თემები