„პრაქტიკულად, ირაკლი კობახიძემ ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირს”- ლევან ბეჟაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირს. მისი თქმით, მსგავსი რიტორიკით, კიდევ უფრო აშორებენ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას.

„პრაქტიკულად, ირაკლი კობახიძემ ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირს – თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემს, ამ შემთხვევაში, ისინი კეთილ ნებას გამოიჩენენ და საარჩევნო ბარიერს 2 პროცენტამდე დასწევენ. ეს არის აბსურდი, რადგან ჩვენ იმ მდგომარეობაში არ ვართ, რომ ევროკავშირს დამატებითი მოთხოვნები წავუყენოთ. ასეთი რიტორიკით და განცხადებებით კიდევ უფრო აშორებენ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის გადაწყვეტილებას და ხელს უწყობენ ქვეყანაში რუსული ნარატივის გაგრძელებას. აჩვენებენ, რომ მათთვის მთავარი კანდიდატის სტატუსის მიღება კი არ არის, არამედ რაც შეიძლება გამწვავდეს ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ისევ ულტიმატუმის ენით აპირებენ ევროკავშირთან საუბარს“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით,  დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.

მსგავსი თემები