,,არ ვფიქრობ, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ იმის რესურსი აქვს, ევროკომისიას ევაჭროს”- ლევან იოსელიანი

,,ევროკომისიის მიმართ იყო გზავნილი, სტატუსი მოგვეცით და ჩვენ მივიღებთ, დაბალ ბარიერსო. დაბალი ბარიერი ამ ქვეყანას სჭირდება და არა ევროკომისიას” – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციას უნდა ესაუბროს, რადგან დაბალი ბარიერი ამ ქვეყანას სჭირდება და არა ევროკომისიას.

„ყველას მიერ ყველაზე მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, რათა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამ ქვეყანაში შემდგომი არჩევნები უნდა ჩატარდეს ღია პლურალისტურ გარემოში, სადაც განსხვავებულ პარტიებსა და ლიდერებს საშუალება ექნებათ, საარჩევნო ბარიერი გადალახონ და პარლამენტში შემოვიდნენ.

თუ ეს ასე არ მოხდება და ხუთპროცენტიანი ბარიერის პირობებში ორი პარტია შევა პარლამენტში, ეს ამ ქვეყანას ისეთი დაპირისპირების წინაშე მიიყვანს, რაც 30 წელია, არსებობს და ქვეყანას ცუდის მეტი არაფერი მოუტანა. პოლიტიკური პროცესი მაშინ არის წარმატებული, როცა გარეთ არსებული განწყობები პარლამენტშია ასახული – პარლამენტშია დებატები დ არა ქუჩაში. თუ ვინმეს უნდა, ქვეყანა განწირული იყოს მიტინგებისთვის და და გადადექის ძახილისთვის, ეს 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში გარანტირებული იქნება.

დეპოლარიზაციას საარჩევნო ბარიერის დაწევა ხელს შეუწყობს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ იმის რესურსი აქვს, ამით ევროკომისიას ევაჭროს. მათ კონკრეტული დღის წესრიგი მოგვცეს, თუ შეასრულებენ, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. ევროკომისიის მიმართ იყო გზავნილი, სტატუსი მოგვეცით და ჩვენ მივიღებთ, დაბალ ბარიერსო. დაბალი ბარიერი ამ ქვეყანას სჭირდება და არა ევროკომისიას. საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩვენ უნდა გველაპარაკონ, არგუმენტი ჩვენგან უნდა მოისმინონ. თორე, ევროკომისიას ამით ვერ დააშანტაჟებ, მათ 12 პუნქტის შესრულება სჭირდება“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი მიიღებს  კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.

მსგავსი თემები