,,კანდიდატის სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას”- ირაკლი კობახიძე

,,ღრმად გვწამს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას” –  ამის შესახებ  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის განმარტებით, კანდიდატის სტატუსის მიღებას, პოლარიზაციის შემცირებასა და დაბალი ბარიერის დაწესების მიზანშეწონილობას შორის პირდაპირი ლოგიკური კავშირი არსებობს.

,,როგორც ცნობილია, რაც უფრო მაღალია პოლარიზაციის ხარისხი, მით უფრო მაღალი ბარიერის შენარჩუნებაა მიზანშეწონილი, ხოლო პოლარიზაციის შემცირება ბარიერის დაწევასთან დაკავშირებულ რისკებსაც სერიოზულად ამცირებს. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიღებას, პოლარიზაციის შემცირებასა და დაბალი ბარიერის დაწესების მიზანშეწონილობას შორის პირდაპირი ლოგიკური კავშირი არსებობს. ღრმად გვწამს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას, რის შემდეგაც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი საარჩევნო ბარიერით 2024 წელს ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას შექმნის,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის განმარტებით, შედარებით დაბალი საარჩევნო ბარიერის დადგენა, ქვეყანას იმ შემთხვევაში შეიძლება უღირდეს, თუ  სანაცვლოდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

,,როგორც უკვე აღვნიშნეთ, 5%-იანი ბარიერი სრულიად ლეგიტიმური და რაციონალურია. შესაბამისად, შედარებით დაბალი ბარიერის დადგენა, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარკვეული ფორის მიცემას ნიშნავს, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გვიღირდეს, თუ ამ ნაბიჯით, სანაცვლოდ, ქვეყნისთვის რაიმე ძალზე მნიშვნელოვან სარგებელს მივიღებთ. ასეთი სარგებელი კი, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი რამ – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეიძლება იყოს, რაც საქართველოში პოლარიზაციასაც არსებითად შეამცირებს,”- განაცადა კობახიძემ.

,,2024 წლის და მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება”- ირაკლი კობახიძე

მსგავსი თემები