,,ჩვენი სამი თვალსაჩინო წევრის პარტიიდან წასვლა არის გულდასაწყვეტი”- თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის წასვლა მისთვის გულდასწყვეტია.

წულუკიანის თქმით, დეპუტატებს პარტიის შიგნით მიმდინარე სიახლეების, საზოგადოებისთვის უფრო მაღალი დოზით მიწოდების სურვილი გაუჩნდათ, რის გამოც დატოვეს ფრაქცია.

„არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი სამი თვალსაჩინო წევრის პარტიიდან წასვლა არის ჩვეულებრივი მოვლენა. რა თქმა უნდა, ეს არის გულდასაწყვეტი. ვატიკანში გახლდით, როდესაც ეს მოხდა და თქვენი დახმარებით, მედიის მეშვეობით შევიტყვე ამ ამბის შესახებ და ვარ ძალიან გულდაწყვეტილი. თუმცა, აქ საუბარია, როგორც აღმოჩნდა იმაზე, რომ ის სიმართლე თუ სიმართლეები, თუ კულუარები თუ კულისები, რაც გნებავთ, ის დაარქვით, არც ერთ ქვეყანაში და მათ შორის არც საქართველოში, ვერც პრემიერ-მინისტრის, ვერც პარლამენტის თავმჯდომარის, ვერც ვიცე-პრემიერის, მინისტრის თუ დეპუტატის მიერ, ვერასდროს ვერ არის ხოლმე და არ უნდა იყოს ბოლომდე გამოტანილი საზოგადოებაში. ეს არსად არ ხდება და ეს არ არის წესი. ამით, შეიძლება, სხვა რაღაც პროცესებს დაუდო სათავე, როდესაც ხარ მმართველი გუნდის წარმომადგენელი. როგორც ჩანს, უფრო მეტი რეალობის და ინფორმაციის მიწოდების, უფრო მაღალი დოზით მიწოდების სურვილი გაუჩნდათ ჩვენს წევრებს და მათ დაგვტოვეს სწორედ ამ მიზნით. ვნახოთ, რა იქნება მათი სათქმელი, კიდევ მეტი ალბათ, ვიდრე მოვისმინეთ და რა თქმა უნდა, შეფასებებიც გაკეთდება შესაბამისი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები