,,თითქოს ევროპის მხარდამჭერი აქციაა არის ტყუილი, ნუ მიიღებთ მონაწილეობას საკუთარი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში”- თეა წულუკიანი 3 ივლისის აქციაზე

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 3 ივლისს დაგეგმილი აქცია ვერაფერს მოიტანს და მოსახლეობას აფრთხილებს,ნურავის გამოაყენებინებთ თავს შავბნელი მიზნებისთვის.

წულუკიანი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა 3 ივლისს დაგეგმილ აქციაში, რადგან აღნიშნული აქცია მისივე თქმით, არის საკუთარი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა.

„დარწმუნებული ვართ, რომ 3 ივლისის აქცია ვერაფერს მოიტანს. მინდა, ყველა იმ ადამიანს ვუთხრა, რისთვისაც აწუხებენ, კარზე უკაკუნებენ, სოფელში აკითხავენ და ატყუებენ, ჩამოდი და ეს ევროპისაკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერის აქციაა, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე. ნურავის გამოაყენებინებთ თავს შავბნელი მიზნებისთვის, რადგან ეს ქვეყანა, ამას ვამბობ როგორც მთავრობის წარმომადგენელი, გადის ძალიან რთულ გზას. ძალიან დიდი სიფრთხილე, ყურადღება გვმართებს, დაკვირვება იმისთვის, რომ გაგრძელდეს ჩვენს ქვეყანაში ის, რაც არის რეალობა, ანუ სიმშვიდე, სტაბილურობა, მშვიდობა. რასაც ახლა ვამბობთ, რასაც პრემიერ-მინისტრი მუდმივად უმეორებს ჩვენს ხალხს და ამშვიდებს, რომ მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა შენარჩუნდეს სიმშვიდე, ეს რომ არ არის უბრალოდ სიტყვები, ამისთვის საკმარისია, რომ ან ინტერნეტის, ან ტელევიზიების მეშვეობით მოუსმინოთ სხვადასხვა საერთაშორისო არხს და ნახავთ, რომ მსოფლიოში არის გარკვეული მღელვარებები, რბილად რომ ვთქვა, ხოლო უკრაინაში ძალიან დიდი უბედურება ტრიალებს, არის ომი. არც ერთი სხვა ქვეყანა არ არის დამშვიდებული, ამიტომაც ყველანაირი ტიპის ასეთი უპასუხისმგებლო აქცია, რომ მოატყუო ხალხს, თითქოს ეს აქცია ევროპის მხარდამჭერი აქციაა, არის ტყუილი, ამიტომაც ნუ შეწუხდებით და ნუ მიიღებთ მონაწილეობას საკუთარი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში.

3 ივლისს რაც არ უნდა გამოვიდნენ ხელმოცარული პოეტები, ასე ვთქვათ, წინა ხელისუფლების ნომენკლატურა იყვნენ, ხელმოცარული მხატვრები, გაპოლიტიკოსებული შემოქმედი ადამიანები, ვითომ პოლიტიკოსები, რომლებმაც ვერ გაიგეს, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და იყვირონ ან იმღერონ, რასაკვირველია, ეს შედეგს ვერ მოიტანს. ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე, რათა ჩვენი ერისთვის, ბავშვების მომავლისთვის უზრუნველვყოთ ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მსგავსი თემები