,,საკანონმდებლო ორგანოში იმ ადამიანების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც იძალადა”- ხატია დეკანოიძე

„ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ნებისმიერ ცივილიზაციაში, რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს ადამიანს, როცა ის მეორე ადამიანზე ძალადობს, რა თქმა უნდა, ისჯება სისხლის სამართლებრივი პროცედურით,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძე ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნებისთვის“ ყველა მიუღებელია, ვინც მათი კრიტიკოსია.

,,ამერიკის საელჩოში მომხდარ ინციდენტს ვუყურებ, როგორც ერთ სურათს იმასთან მიმართებით, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდებოდა – რაც იყო ქუთაისში, ოზურგეთში და სხვადასხვა ქალაქში, როცა „ქართული ოცნება“ პირდაპირ ძალადობაზე მოუწოდებდა საკუთარ მომხრეეებს, საკრებულოსა და ფრაქციის წევრებს. პირადად მე, ეს ყველაფერი ქუთაისში შემემთხვა. დღესაც იყო ინციდენტი იმ ადამიანებთან მიმართებით, ვინც დადიოდა და საუბრობდა ევროპაზე. მაშინ, როცა პარლამენტის წევრები ადამიანზე ძალადობენ და ამას ამართლებენ, ზედმეტია საუბარი, რომ „ქართულ ოცნებას“ ან მის წარმომადგენლებს შეიძლება, რამე მოვთხოვოთ. არ ვაპირებ, იმ კომენტარების ანალიზს, რომელიც სამარცხვინოა, განსაკუთრებით, პარლამენტის წევრების. ყველას მოვუწოდებ, ვინც 3 ივლისს გამოსვლას აპირებს და დაორგანიზებულ ჯგუფებთან შეხვედრები უწევთ, „ქართულ ოცნებას“ ძალადობაში არ უნდა ჩავყვეთ, რადგან ჩვენ, ყველა ერთად ვართ ევროპა და ძალადობა, რომელსაც „ქართული ოცნება“ აორგანიზებს, მხოლოდ მათი გამორჩეული ნიშანია.

საკანონმდებლო ორგანოში იმ ადამიანების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც იძალადა. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, ძალადობა საელჩოში მოხდა. ალბათ კოშმარულ სიზმარში ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამაზე საუბარი გვექნებოდა. ჩვენთან ცივილიზებული წყობა რომ იყოს და არა ოლიგარქიული, ეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. ახალი არ არის, როცა „ქართული ოცნება“ მედიას თავს ესხმის, გავიხსენოთ, 5 ივლისი, ნიკა გვარამიას დაკავება და მედიამენეჯერების საქმეები. ეს ყველაფერი საერთო სურათს იძლევა – „ქართული ოცნებისთვის“ ყველა მიუღებელია, ვინც მათი კრიტიკოსია. ძალიან მძიმეა, როცა ამ რეალობაში ცხოვრება გვიწევს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები