,,ერთზე თავდასხმა ნიშნავს ყველაზე თავდასხმას, დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს”- ჯო ბაიდენი

,,ამ სამიტზე ჩვენ გავაერთიანეთ ჩვენი ალიანსი, რათა წინ აღვუდგეთ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს ევროპისთვის,”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნატო-ს მადრიდის სამიტის შეფასებისას განაცხადა.

ბაიდენის განცხადებით, მან რუსეთის პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ თუ უკრაინაში შეიჭრებოდა, ნატო არა მხოლოდ  გაძლიერდებოდა, არამედ უფრო ერთიანი გახდებოდა.

„ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იყო ნატო-ს ისტორიული სამიტი. წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც ინგლისში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა გაიმართა, მე ვისაუბრე ნატო-ს ფუნქციონირებისა და გადააზრებისნატო-სა და ჩვენი ერთად მუშაობის ახალი სტრატეგიის შემუშავების საჭიროებაზე. ამასთან ერთად, ჩვენ ვისაუბრეთ „დიდი შვიდეულის“ მიერ დამატებით პასუხისმგებლობის აღებაზე. ომის დაწყებამდე, მე ვუთხარი პუტინს, რომ თუ უკრაინაში შეიჭრებოდა, ნატო არა მხოლოდ კიდევ უფრო გაძლიერდებოდა, არამედ უფრო ერთიანი გახდებოდა. ჩვენ დავინახეთ, რომ მსოფლიოს დემოკრატიები წინ აღუდგნენ აგრესიას და იცავენ წესებზე დაფუძნებულ წესრიგს. ეს არის სწორედ ის, რასაც დღეს ვხედავთ. ეს სამიტი ეხებოდა ჩვენი ალიანსის გაძლიერებას, მსოფლიოს წინაშე ამჟამად არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას, ასევე იმ საფრთხეებთან გამკლავებას, რომელთა წინაშეც მომავალში აღმოვჩნდებით“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ინფორმაციით, ნატო გეგმავს პოზიციების გაძლიერებას ევროპაში და დაიცავს  ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს.

„ჩვენ ერთად ჩავდებთ მეტ რესურსს შესაძლებლობებში ყველა სივრცეში – სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, კიბერ და კოსმოსურ სფეროში. ჩვენ ვადასტურებთ, რომ მეხუთე მუხლის ვალდებულება წმინდაა, რომ ერთზე თავდასხმა ნიშნავს ყველაზე თავდასხმას და ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. თავის მხრივ, აშშ აკეთებს სწორედ იმას, რაც მე ვთქვი, რომ გავაკეთებდით, თუ პუტინი უკრაინაში შეიჭრებოდა – ვაძლიერებთ ჩვენ პოზიციებს ევროპაში, ჩვენ განვათავსებთ მეტ ხომალდს აქ, ესპანეთში, ჩვენ ვათავსებთ მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემებს იტალიასა და გერმანიაში, მეტ „ეფ-35“-ს გაერთიანებულ სამეფოში და აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად ნატო-ს სამეთაურო შტაბს პოლონეთში, დამატებით ბრიგადას რუმინეთში. ამასთან ერთად, მოხდება ძალების როტაციული განთავსება ბალტიის ქვეყნებში. მდგომარეობა შეიცვალა, რათა ჩვენ მოვახდინოთ ადაპტაცია იმ მსოფლიოსთან, რომელიც დღეს არის. ეს ყველაფერი ხდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე ნატო-ს რეაგირებისა და უკრაინის თავდაცვის დახმარების ფონზე. აშშ აერთიანებს მსოფლიოს უკრაინის მხარდასაჭერად. მთელ მსოფლიოში მოკავშირეებს და პარტნიორებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ამაში“, – განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი თემები