სოციალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში ცენტრმა  – „აფხაზეთი,“ ენერგოეფექტური მხარდაჭერის პროგრამები დანერგა (ვიდეო)

რუხში, ხურვალეთსა და ბაისუბანში,  საქველმოქმედო-ჰუმანიტარული აფხაზეთის ორგანიზებით ენერგოეფექტური მიდგომების მხარდასაჭერი პროგრამები დაინერგა. ბენეფიციარებს კი  სოციალური სერვისების მიმწოდებლი დაწესებულებები –  მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და  ხანდაზმულთა  ცენტრები წარმოადგენენ.

პროექტთან დაკავშირებით „აფხაზეთის“  წარმომადგენლებმა – პროექტის კოორდინატორმა დინარა ჯალაღონიამ  და კონსულტანტმა –  ია მელქაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს.

როგორც რესპონდენტებმა აღნიშნეს, პროექტის მიზანია განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება სოციალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში.

„პროექტის ძირითადი მიმართულებებია მზის ელექტროსადგურების დამონტაჟება. პროექტის ფარგლებში ძირითადი აქტივობები უკვე განხორციელდა. აღნიშნულ სამ სახლში 30კვ სიმძლავრის ფოტოელექრტული სადგური დამონტაჟდა, საუბარია მზის სადგურზე, რომლისგანაც ვიღებთ ენერგიას. ძირითადი ბენეფიციარებო კი სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც ამ სახლებში ცხოვრობენ, ასევე, თემის წევრები. გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად ჰყოფნით ბენეფიციარებს. უფრო მეტიც, რჩება პლიუსში. იმ შემთხვევაში, როცა ჭარბად ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება, ხდება მისი ქსელში გაშვება და გადანახვა, რომელიც საჭიროების მიხედვით უკან დაბრუნდება. ამ ეტაპზე, გამომუშავებული ენერგია სრულად ფარავს საჭიროებებს სამივე სახლში და რჩება კიდეც“ – აღნიშნა დინარა ჯალაღონიამ.

ია მელქაძის შეფასებით კი, მოთხოვნა და დაინტერესება საკმაოდ მზარდია.

„ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა, სადაც სოციალური სერვისების მიმწოდებელი 22 დაწესებულება მონაწილეობდა, რომლებიც სოციალურ სერვისებს უწევს მოსახლეობას. თითქმის ყველა ორგნიზაციამ გამოხატა სურვილი, მსგავსი ტექნოლოგიები განახორციელოს. ინტერესი საკმაოდ დიდია. ასევე, გამოხატეს სურვილი, ისწავლონ მოვლა-პატრონობა.  განახლებადი ენერგიის სფეროში საკმაოდ მცირეა კადრი საქართველოში და საკმაოდ პერსპექტიული დარგია. განახლებადი ენერგიის სისტემაზე გადასვლა შეუქცევადი პროცესია, შესაბამისად, ამ სფეროში დასაქმებაც გაიზრდება და მითხოვნაც“ – აღნიშნა ია მელქაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები