გიორგი გახარია აშკარად ლიდერია, ამას საზოგადოებაც ხედავს – ნუკრი ქანთარია საკადრო ცვლილებებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად გადაყვანის საკითხი მმართველ გუნდში ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა მიაჩნია, რომ გახარია აშკარად ლიდერია და ამას საზოგადოებაც ხედავს.

როგორც ნუკრი ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებები საჭიროა, თუმცა მმართველ გუნდში კონკრეტული გვარები და პოზიციები ჯერჯერობით არ განიხილება.

მისივე თქმით, საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ მოქმედი პრემიერია მამუკა ბახტაძე შესაძლოა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ შეცვალოს. ამის მიზეზი ის არის, რომ ხალხი ხედავს გახარიას მუშაობის ეფექტს.

“ხალხს აქვს განცდა, რომ გიორგი გახარია არის სწორედ რესპექტაბელური პერსონა და ის შსს-ს ძალიან კარგად უძღვება. მას ძალიან ბევრი რეფორმა აქვს დასამთავრებელი და გზაში მიტოვება არ იქნება სწორი. მეორე მხრივ, მამუკა ბახტაძე მოვიდა, ახლგაზრდა კაცი და ჩვენ მას რაღაც საშუალება უნდა მივცეთ, რომ ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე გამოცდილება შეიძინოს“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი აზრით, ეს არ არის ამ ეტაპზე საჩქაროდ გადასაწყვეტი საკითხი, თუმცა მმართველი გუნდის საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებობს საკითხები, რაც 2019 წელს უნდა გადაწყდეს და საზოგადოებას მიეცეს განცდის საფუძველი, რომ “ეს ადამიანები თანამდებობასა და სკამებზე არ არიან ჩამოკიდებულნი”. 

“სულ რაღაც წელიწადნახევარია დარჩენილი მომავალ არჩევნებამდე და ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ჩვენი გუნდის ყოველ წევრს, ის რეალური ამინდი, რა პოლიტიკური ამინდიც დღეს დგას. რა პრეტენზიები, რა კითხვები არის “ოცნების” მიმართ, მგონი ჩვენ გათვითცნობიერებული გვაქვს და ამ პერიოდში უნდა მოვახერხოთ, რომ მწვავე კითხვების დასმის საფუძველი აღარ ჰქონდეს საზოგადოებას”, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

მსგავსი თემები