„ბიძინა ივანიშვილმა საოცარი მასტერკლასი ჩაატარა, რომელიც ქრესტომათიაშია შესატანი“ – ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობას საოცარი მასტერკლასი ჩაუტარა.

​დეპუტატი პარტიის თავმჯდომარის ტაქტიკური სვლებით იმდენად მოიხიბლა, რომ მისთვის ქრესტამათიაც კი არ ენანება. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„მოსამართლეთა სია, რომელიც წარმოდგენილი იყო პარლამენტში, საკმაოდ დიდ კრიტიკას იმსახურებდა. ცალკე საკითხი იყო როგორ და საიდან შეიქმნა ეს სია, რამდენმა კაცმა დაწერა. კარგია, რომ „ქართულ ოცნებაში” მისი რევიზია მოხდა, პროცესი შეჩერდა და დაიწყო საუბარი, კრიტერიუმებზე, თუ რა პრინციპებით უნდა მოხდეს ასეთი სია პარლამენტში. ახლა სწორედ ამ პროცესის მონაწილეები ვართ. მინდა ავღნიშნო, რომ ბიძინა ივანიშვილმა ფაქტიურად საოცარი მასტერკლასი ჩაატარა, რომელიც ქრესტომათიაშია შესატანი ჩემი აზრით. საუბარია იმაზე, თუ როგორ შეიძლება, დაძაბულ ვითარებაში, დეპუტატები შეთანხმებისკენ წაიყვანო“ – აღნიშნა ქანთარიამ.

დეპუტატი სხვა კოლეგებსაც ურჩევს პარტიის თავმჯდომარეს მიბაძონ: „ბიძინა ივანიშვილს აქვს დიდი პოტენციალი და უნარი ამ თვალსაზრისით. ჩემი აზრით, ეს იყო მნიშვნელოვანი უნარების კიდევ ერთხელ დაფიქსირება მისი მხრიდან. როგორც ჭეშმარიტმა ლიდერმა, პარტია თანხმობისკენ წაიყვანა და არა განხეთქილებისკენ. ძალიან მინდა, სხვებმა ამ ხერხს და ამ სტილს მიბაძონ“.

​როგორც ნიკრი ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავარია ის, რომ სია დაბრუნდა და ამიერიდან მისი განხილვა მთლიანად პარლამენტის ხელშია.

„მთავარი, რაც მოხდა, არის ის, რომ სია დაბრუნდა, კრიტერიუმები იქნება და მთელი პასუხისმგებლობა გადმოვა პარლამენტზე. რანაირი სიაც არ უნდა მოგვაწოდონ, პარლამენტი იქნება პასუხისმგებელი მოსამართლეობის კანდიდატები სათითაოდ განიხილოს და ეს განხილვა იყოს გამჭვირვალე. ის, რომ, იუსტიციის საბჭო ავაფეთქოთ და გავუშვათ, ამ ეტაპზე სწორად არ მიმაჩნია. მთავარია ის, რომ თუ ადამიანს ნდობა არ აქვს, ის მომრიგებელი ვერ გახდება და ვერც განაჩენს გამოიტანს“, – აღნიშნა ქანთარიამ.

მსგავსი თემები