სასამართლო სისტემა არ ვითარდება, კრიმინალმა და ნარკოდანაშაულმა იმატა – NDI -ის კვლევა

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა, 33% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 30% ის აზრით, სასამართლო სისტემაში საერთოდ არაფერი იცვლება. გამოკითხულთა მხოლოდ 16% მიიჩნევს, რომ სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 20% აცხადებს, რომ კითხვაზე პასუხი საერთოდ არ იცის.

​NDI-ის ბოლო კვლევების თანახმად, რომელიც 2018 წლის 6-20 დეკემბერს ჩატარდა, გამოკითხული მოსახლეობის 67% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 21% – უარყოფითად. გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ არ იცის.

რაც შეეხება ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიციისადმი მიმართვიანობას, გამოკითხულთა 94% ამბობს, რომ პოლიციისთვის არ მიუმართავს, ხოლო 5% ამბობს, რომ მიმართა. ამ 5%-ის უმრავლესობამ პოლიციას მიმართა, როგორც მსხვერპლმა და ასევე უმეტესობა კმაყოფილი იყო პოლიციის რეაგირებით.

გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა, 32% აცხადებს, რომ მდგომარეობა იგივე დარჩა, 18% აცხადებს, რომ გაუმჯობესდა, ხოლო 7% ამბობს, რომ არ იცის.

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 25% აცხადებს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირი დანაშაული ნარკოტიკებთან არის დაკავშირებული, 21% ქურდობა-ყაჩაღობა-ძარცვას ასახელებს, 20% – ავტოსაგზაო შემთხვევებს, 14% – მკვლელობას, 5% – ოჯახში ძალადობას, 4% – არასრულწლოვანთა დანაშაულს, ხოლო 1-1% – ფიზიკურ შეურაცხყოფას, სექსუალურ შევიწროვებას და უკანონო მიგრაციას.

​NDI-ის გამოკითხულთა 83% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, 9% არ უჭერს.  საველე პირობებში, სულ 2205 ადამიანი გამოიკითხა.  

მსგავსი თემები