ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად, მადრიდში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიიწვია.

„მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დღეს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში NATO-ს სამიტი იწყება, რომელმაც ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია უნდა დაამტკიცოს უკრაინაში პუტინის ომისა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით.

მსგავსი თემები