,,კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის სარაკეტო დარტყმა ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თავხედური ტერორისტული აქტია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ასეთ ობიექტზე დარტყმის განხორციელება შეუძლიათ მხოლოდ ყველაზე ცივსისხლიან ტერორისტებს, რომელთა ადგილი დედამიწაზე არ უნდა იყოს,”- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი  ვოლოდიმირ ზელენსკი, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმას.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

„დღევანდელი რუსული დარტყმა კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თავხედური ტერორისტული აქტია. მშვიდობიანი ქალაქი, ჩვეულებრივი სავაჭრო ცენტრი, შიგნით ქალები, ბავშვები, ჩვეულებრივი მოქალაქეები… საჰაერო განგაშის გამოცხადებამდე შენობაში ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. საბედნიეროდ, რამდენადაც ეს ახლა ცნობილია, ბევრმა გამოსვლა მოასწრო. მათი გამოყვანა მოასწრეს. თუმცა, შიგნით კიდევ რჩებოდა ხალხი: თანამშრომლები, კლიენტების ნაწილი… ასეთ ობიექტზე დარტყმის განხორციელება შეუძლიათ მხოლოდ ყველაზე ცივსისხლიან ტერორისტებს, რომელთა ადგილი დედამიწაზე არ უნდა იყოს. და ეს არ არის რაკეტის შემთხვევითი მოხვედრა, ეს არის წინასწარ გათვლილი რუსული დარტყმა სწორედ ამ სავაჭრო ცენტრზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს,  რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა.

„დღეს მე მივმართე აშშ-ს მოწოდებით, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. შესაბამისი რეზოლუცია შეთანხმებულია აშშ-ის სენატის კომიტეტის მიერ, იურიდიული გადაწყვეტილების მიღება კი სახელმწიფო დეპარტამენტს შეუძლია. აშკარაა, რომ ასეთი გადაწყვეტილება საჭიროა და მას მხარი უნდა დაუჭიროს მთელმა დემოკრატიულმა მსოფლიომ. მე ამის შესახებ ვუთხარი გერმანიაში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტის ლიდერებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, რუსეთის სახელმწიფო გახდა მსოფლიოში უმსხვილესი ტერორისტული ორგანიზაცია.

„რუსეთის სახელმწიფო გახდა მსოფლიოში უმსხვილესი ტერორისტული ორგანიზაცია. ეს არის ფაქტი. ეს უნდა იყოს ასევე იურიდიული ფაქტი. მსოფლიოში ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუსული ნავთობის ყიდვა და ტრანსპორტირება, რუსულ ბანკებთან კავშირების შენარჩუნება, რუსეთის სახელმწიფოსთვის გადასახადების გადახდა ნიშნავს ტერორისტებისთვის ფულის მიცემას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები