“კორპუსებში აფეთქებებსა და ტრაგედიას „ჰაუსმაისტერის“ ინსტიტუტი აგვარიდებს“ – შეთავაზება სახელმწიფოს

„ჰაუსმაისტერი“ იგივე სახლმმართველია, რომლის გარეშე, ცივილურ ქვეყნებში ვერც გათბობას დაამონტაჟებ, ვერც წყალგაყვანილობას და ვერც ვერანაირ ცვლილებას განახორციელებ. ის არის თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანი, რომელიც ადამიანებს საკუთარი ქონების მართვასა და მოვლა-პატრონობაში ეხმარება. ეს კი საჭიროა იმისთვის, რომ კონკრეტულმა ბინის მეპატრონემ, არც საკუთარი ოჯახი დააზიანოს და არც სხვისი.

​ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურად განიხილება გაზის გაჟონვით გამოწვეული ტრაგედია დიღომში. თუ გასული წლების მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ყოველწლიურად ადამიანები იღუპებიან გაზის არასწორი ექსპლუატაციის ან არასწორი გამოყენების გამო. წესით, სიკეთე, რომელიც უნდა ქმნიდეს კომფორტს მოსახლეობისთვის, წარმოადგენს საფრთხეს მოსახლეობისათვის.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ნუკრი მილორავა ფიქრობს, რომ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებზე პასუხისმგებელი არ არის მხოლოდ გაზის დისტრიბუტორი კომპანია ან ქალაქის მერია. საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და პრობლემა შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების დადგენილი სტანდარტის არარსებობაა.

„ჩვენ არ გვყავს სპეციალისტები, რომელებიც უზრუნველყოფენ ენერგო მატარებლების უსაფრთხო გამოყენების წესებს მომხმარებლებში. შენობა-ნაგებობებს არ ემსახურებიან პროფესიონალი სპეციალისტები, რომლებმაც კარგად იციან რა არის ქონება, როგორია ექსპლოატაციის წესები, ფლობენ სხვადასხვა სიტუაციებში რეაგირების მექანიზმებს და ა. შ. დღეს არც ერთი უმაღლესი და პროფესიული სასწავლებელი არ ამზადებს სპეციალისტს, რომელიც იქნება კომპეტენტური საცხოვრისის საკითხებში“, – ამბობს ნუკრი მილორავა.

ცენტრ „აფხაზეთს“ საცხოვრისის მოვლა-ექსპლუატაციისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნა/განვითარების მდიდარი გამოცდილება აქვს. ორგანიზაციას 2012 წლიდან დევნილთა დასახლებებში დაფუძნებული აქვს 50-ზე მეტი ბინათმესაკუთრეთა და მობინადრეთა ამხანაგობა. 2015-2018 წლებში კი,  ხუთ ქვეყანასთან ერთად მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტში, რომელიც გერმანული გამოცდილების გაცნობასა და დანერგვას ისახავდა მიზნად. შარშან, ნოემბერში კი ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტის 10 მონაწილე ახალგაზრდა გერმანიის ქალაქ ბოჰუმში იმყოფებოდა სასწავლო ვიზიტით და ადგილზე გაეცნო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სპეციფიკას, „ჰაუზმაისტერის“ (ე.წ. სახლმმართველი) მუშაობის პრინციპებს და ადგილობრივ კანონმდებლობას.

„ჩვენს ორგანიზაციას „ჰაუზმაისტერის“ ჯგუფის გადამზადების და საქართველოში ამ სისტემის დანერგვის გამოცდილება აქვს. ჩვენ გავეცანით სხვადასხვა ევროპული ქვეყნების გამოცდილებას, ვიყავით გერმანიაში და ვნახეთ, როგორ მუშაობს იქ ეს სისტემა. „ჰაუსმაისტერის“ ანუ სახლმმართველის გარეშე შეუძლებელია გერმანიაში ვინმემ დაამონტაჟოს დამოუკიდებელი გათბობის სისტემა, დამოუკიდებელი წყალგაყვანილობის სისტემა, დადგას აივანზე ქოთანი, გააკეთოს ტროტუარი, ამოსწიოს ბორდიული და ა. შ. არავის აქვს იქ ამის უფლება თუ არ ექნება ნებართვა შესაბამისი უწყებებისგან. საქართველოში „ჰაუსმეისტერის“ ინსტიტუტი არ არსებობს. საზოგადოება ვერ მართავს თავის საკუთრებას“, – აცხადებს ნუკრი მილორავა. 

​მისი აზრით, საცხოვრებელ კორპუსებში არსებული მძიმე ვითარება და მომრავლებული უბედური შემთხვევებისგან თავის დაზღვევა მხოლოდ „ჰაუსმასტერის“ ანუ სახლმმართველის ინსტიტუტის დანერგვით იქნება შესაძლებელი. 500 ბინაზე, ანუ მინიმუმ 10 საცხოვრებელ კორპუსზე ერთი პროფესიონალის მიმაგრება საკმარისი იქნება, რათა საზოგადოებამ ტრაგედია და მსხვერპლი თავიდან აიცილოს.

„ჰაუზმეისტერმა“ უნდა გასწიოს მაღალი ზედამხედველობა და ყოველდღე აკონტროლოს შენობაში არსებული ვითარება. მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და უნდა იყოს გარკვეული საცხოვრისის სტანდარტებში; კერძოდ – ენერგომომარაგებისა და წყალმომარაგების სისტემა, წითელი ხაზები, გაზონები და სახლთან მისასვლელი ბილიკები, ნაგვის დაგროვებისა და გატანის სერვისები, რემონტი და შეკეთება-შეღებვის საკითხები, წყალარინების და სასარდაფე მეურნეობების ექსპლუატაცია და სხვა.

​ნუკრი მილორავას აზრით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო უნდა უწევდეს მტკიცე, მყარ და სისტემატურ მხარდაჭერას „ჰაუსმაისტერის“ ინსტიტუტის დანერგვას.

“რამდენიმე შეხვედრა გვქონდა მათთან, გადავეცით ჩვენი რეკომენდაციები. სამწუხაროდ არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია ამას. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ქონებაზე პასუხისმგებელი უწყება ქვეყანაში არ არის ეკონომიკის სამინისტრო“, – აცხადებს ნუკრი მილორავა.

მსგავსი თემები