,,ბატონო ირაკლი, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე გადადგეთ”- გიორგი ვაშაძე ღარიბაშვილს

,,ხალხი ახლა ირაკლი ღარიბაშვილისგან ელოდება არა პოზიტიური სტატისტიკური მონაცემებით მანიპულაციას, არამედ გადადგომას, როგორც იმ მთავრობის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობას, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ვერ უზრუნველყო,”- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ  საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ და დეპოლარიზაციისთვის ხელის შეწყობისკენ მოუწოდა.

,,კარგი იქნება ღარიბაშვილმა ციფრებით ჟონგლიორობას თავი დაანებოს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას იმ ეროვნული ამოცანის შესასრულებლად, რომელსაც საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია ჰქვია. რაც შეეხება ციფრებს – მას არ უხსენებია მისი და „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა, რომ ქვეყანა რეფორმების ჩემპიონობიდან რეგიონის მაჩანჩალა სახელმწიფოდ იქცა. სწორედ ამიტომ, ხალხი ახლა მისგან ელოდება არა პოზიტიური სტატისტიკური მონაცემებით მანიპულაციასა და კეკლუცს, არამედ გადადგომას, როგორც იმ მთავრობის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობას, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ვერ უზრუნველყო და რომელიც აქციაზე შეკრებილი ასი ათასზე მეტი ადამიანის მოთხოვნაა.

ბატონო ირაკლი, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, თქვენ როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა, აიღოთ პასუხისმგებლობა, გადადგეთ და ეროვნული თანხმობის პროცესს, დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას ხელი შეუწყოთ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ძირითად ხელის შემშლელ ფაქტორებს”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები