„თბილისი პრაიდი“ მთავრობისგან სამივე ღონისძიების დაცვას ითხოვს და განცხადებას ავრცელებს

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დაცვას ითხოვენ და საქართველოს მთავრობას მიმართავენ. ისინი ასევე ითხოვენ, დაისაჯონ 5 ივლისის აქციის ორგანიზატორები.

„მოგეხსენებათ, რომ 28 ივნისს ვხსნით „პრაიდის კვირეულს“. წელს, ძალიან გააზრებულად მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება საზოგადოების პოლარიზაციის და ევროინტეგრაციის პროცესში დაძაბულობის კერების თავიდან არიდების მიზნით უარი ვთქვით კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო შეკრებასა და მანიფესტაციაზე – არ ვატარებთ ღირსების მარშს, „პრაიდ კვირეულის“ ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება.

ამის მიუხედავად პრო-რუსული და ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფო“ ღიად აცხადებს, რომ კვირეულს მაინც დაესხმება თავს და გაიმეორებს 5 ივლისს. შსს გვაძლევს სამივე ღონისძიების დაცვის გარანტიებს და ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში თავადაც გააკეთებენ საჯარო განცხადებას. ასევე, მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება.

მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ბოლო დღეებში აშკარად ჟღერდება თბილისი პრაიდისა და ლგბტ თემის მადისკრედიტირებელი, ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. პრემიერი ღარიბაშვილი ბრალს გვდებს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში და ცდილობს ჩვენს დაკავშირებას პოლიტიკური პარტიების საქმიანობასთან. კობახიძე კი ვერ ხედავს 5 ივლისის ორგანიზებაში „ალტ-ინფოს“ ლიდერების ბრალს, რითიც ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და სტიმულს აძლევს წლევანდელ, იდენტურ მუქარებს. მოვითხოვთ მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის სამივე ღონისძიებას და თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას, ასევე უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას“ – აცხადებენ ორგანიზატორები.

 

მსგავსი თემები