„უკრაინის მიმართ საქართველოს შეურაცხმყოფელი და არამეგობრული რიტორიკა სამართლიანად იწვევს გაუგებრობას“ – უკრაინის ელჩი

„ჩვენ არასოდეს მოვუწოდებდით საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ცალკეული ორმხრივი სანქციების დაწესებისკენ. ჩვენ ხაზს ვუსვამდით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საქართველოს მხრიდან მკაცრი დაცვისა და განხორციელების მნიშვნელობას“ – აცხადებს უკრაინის ელჩი საქართველოში და საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს აკრიტიკებს.

„მინდა, კომენტარი გავაკეთო, რომელიც ეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც ადანაშაულებს ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეს ბატონ არახამიას, თითქოს ის ცდილობს, მოახდინოს საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების სტატუსის ბლოკირება. უკრაინა ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის მისწრაფებებს.  უკრაინულ მხარეს არასდროს უცდია და არ ცდილობს თავისი თანაბარუფლებიანი პარტნიორების არახელსაყრელ მდგომარეობაში დაყენებას. უკრაინა არ აცხადებდა, რომ მას აქვს ექსკლუზიური სტატუსი ან რაიმე უპირატესობები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რიგში. საერთო მიზნები და ურთიერთმხარდაჭერა იყო ასოცირებული ტრიოს პრეზიდენტების ყურადღების ცენტრში, რომლებიც ერთი წლის წინ შეხვდნენ ერთმანეთს“ – აცხადებს ელჩი კასიანოვი.

მისივე შეფასებით,  უკრაინის მიმართ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების შეურაცხმყოფელი და არამეგობრული რიტორიკა სამართლიანად იწვევს გაუგებრობას, იმედგაცრუებას და ზოგჯერ უკრაინული მხარის აღშფოთებას.

„მსგავსი აგრესიული განცხადებები არ შეესაბამება საქართველოსთან ჩვენი მრავალწლიანი ძმური ურთიერთობების სულისკვეთებას და არანაირად არ ასახავს მეგობარი ქართველი ხალხის დამოკიდებულებას უკრაინას მიმართ“, – განმარტავს ანდრეი კასიანოვმა.

 

მსგავსი თემები