„საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას“ – ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებაზე  

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძე პარტია  „ქართული ოცნების“ სახელით  ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც კობახიძე აცხადებს, საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას.

„ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერისა და ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, ამით გადაიდგა მეოთხე, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. როგორც მოგეხსენებათ, ოთხივე შედეგს ქვეყანამ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია. ასეთივე თანმიმდევრულობით, „ქართული ოცნება“ განაგრძობს მუშაობას, რათა სათანადო ვადებში მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

როგორც მოგეხსენებათ, შარლ მიშელმა გუშინდელ დღეს უწოდა ისტორიული მომენტი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში. მიშელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მან ქართველ ხალს საბჭოს გადაწყვეტილება მიულოცა.

ყველას გვესმის, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ მთლიანად პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მიიღო. როგორც ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, გადაწყვეტილების განმსაზღვრელი, უპირველეს ყოვლისა, ომისა და ომთან დაკავშირებული უსაფრთხოების ფაქტორი გახდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას.

თუმცა, როგორც ომის მდგომარეობაში მყოფ უკრაინას, ისე სამხედრო კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე მოლდოვას ესაჭიროებოდათ განსაკუთრებული სოლიდარობის გამოხატვა და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა შესაბამისად იმოქმედა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ უკრაინასა და მოლდოვას, ევროპული პერსპექტივის აღიარებასთან ერთად, კანდიდატის სტატუსის წინსწრებით მიღებას.

საქართველოს მიმართ ევროკავშირის ლიდერების მილოცვებისა და მათი საზეიმო განწყობის ფონზე, სრულიად არაბუნებრივია ოპოზიციის რეაქცია ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე. ადამიანები, რომლებიც 2008 წელს წაგებულ ომს ზეიმობდნენ, დღეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას გლოვობენ. ამას აქვს თავისი კანონზომიერება: რადიკალურ ოპოზიციას უხარია საქართველოს წარუმატებლობა და სწყინს მისი წარმატება, რაც არა მხოლოდ მოვლენებზე მისი რეაქციებით, არამედ ყოველდღიური ქმედებებითაც არის გამოხატული.

საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის შესაქმნელად, რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს ფეიკზე დაფუძნებულ კამპანიას იმის შესახებ, რომ, თითქოს, კანდიდატის სტატუსის ამ ეტაპზე არმიღების პირობებში, საქართველომ ფინანსური და სხვა მატერიალური პრივილეგიები დაკარგა. აღნიშნული კამპანია მთლიანად სიცრუეს ეფუძნება…  მოვუწოდებთ ყველას, ნუ შექმნიან ყალბ მოლოდინებს და სიცრუეზე დაფუძნებული კამპანიით, საზოგადოებაში ნეგატიური ემოციური ფონის ხელოვნურად შექმნას ნუ ეცდებიან…

რაც მთავარია, მადლობას ვუხდით ქართველ ხალხს, რომლის პროგრესულობისა და პრაგმატულობის დამსახურებაა ის, რომ საქართველო, ერთი მხრივ, ინარჩუნებს მშვიდობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და მეორე მხრივ, დგამს ნაბიჯებს ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისა და ევროკავშირის წევრობისაკენ“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

მსგავსი თემები