პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის გამოსვლას აბსურდულს და შეურაცხმყოფელს უწოდებს და ბრიუსელში სხვა გზავნილს აგზავნის

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებისა და პოზიცია-ოპოზიციის დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალური ბრიფინგი ჩანიშნა. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ეს არ არის ის გზავნილი, რომელსაც ქართველი ხალხი ევროპას უგზავნის, მისი შეფასებით, ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი.

„ამას დაემატა პრემიერის გამოსვლაც. თუ რამე გამოსვლა ყოფილიყო,  რომელიც გაგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ სურათს და ნეგატიურ გზავნილს, რომ ჩვენ ჩვენ ყველაზე კარგები ვართ თურმე, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ ომი არ გვინდა… აბსურდული და თან ძალიან შეურაცხმყოფელი  თავისი შინაარსით. როცა ელოდები ჩვენი პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, როგორც მინიმუმი, მოგეთხოვება ორი რამ – ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგო, რაც მოეთხოვება ნებისმიერ ხელისუფლებას და მეორე, რომ შენ გაიგო შენგან რას ელოდებიან ის პარტნიორები, რომლებიც ზეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ისინი ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს, რომ გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, რომ კი, ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, ამას ჩვენ გავაანალიზებთ და მზად ვართ, ყველამ ერთად არაპოლარიზებულად და არადაპირისპირებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ის, რაც არის ჩვენს მიმართ გზავნილი, რომ თუ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს, პოლიტიკური ნება გამოჩნდება, თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს. ამ დროს, ჩვენ გვესმის და ვინც მოისმინა, ყველა გაოგნებულია დღევანდელი დღით.  მეც ვარ გაოგნებული“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ის ბრიუსელს სულ სხვა გზავნილს უგზავნის.

„მინდა აქედან გავაგზავნო ბრიუსელში სხვა  გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს, ნებსით ხდება თუ უნებლიეთ, საგანგებოდ არის გაკეთებული, უკვე ამ ყველაფერზე პასუხი აღარ მაქვს. ერთადერთი, შემიძლია ის ვთქვა, რომ მე დღეს შევხვდი აღმოსავლეთ პარტნიორობის არასამთავრობო სექტორის პლატფორმას, რომელიც არის ევროკავშირში მიღებული პლატფორმა. მათთან ერთად შევთანხმდით, რომ დავსახავთ როგორი უნდა იყოს პროცესი და ამ პროცესში როგორი უნდა იყოს მათი ჩართულობა, ჩემი ჩართულობა, რომ ჩვენ ამ პროცესის ხელმძღვანელები, მონიტორები ვიყოთ, რომ არ დავუშვათ, რომ კიდევ ერთხელ ამ 6 თვეში ხელიდან გაგვაშვებინონ, ის, რაც არის უზარმაზარი შანსი საქართველოსი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები