„შეშფოთებული ვარ, საზოგადოებამ  თავშეკავება, ზრდილობა,  პატივისცემა აჩვენა, პარლამენტმა კი საპირისპირო“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში დღეს მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია და აცხადებს, რომ ეს არ არის ევროპული არჩევანი. პრეზიდენტს ეჭვი უჩნდება, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად ხდება, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„ერთი მხრივ, მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს რაც შეუძლია, რომ თავისი სათქმელი თქვას. ის, რაც ჩვენ ორშაბათს ვნახეთ ნამდვილად იყო საზოგადოების გამოხატულება. მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება ახლა, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი საკითხი წარმოვაჩინოთ ყველაზე პოზიციურად და მივიღოთ წარმატებული შედეგები. მოსახლეობა, ყველა ერთ მხარეს დგას და ამბობს – „ჩვენ ვართ ევროპელები“. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რასაც გვთხოვა ევროპამ ეს არის ერთიანობა.

სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ მეორე სახე, მე ვარ სრულიად შეშფოთებული იმისგან, თუ რა მოვისმინე დღეს პარლამენტში. რაც დავინახეთ ეს არის იმის საწინააღმდეგო, რაც საზოგადოებამ აჩვენა. საზოგადოებამ აჩვენა თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა საპირისპირო აჩვენა. დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, არმოსმენა, მოკლედ, ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, ვაჩვენეთ“ – აღნიშნა პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე.

მისივე შეფასებით, კიდევ უფრო უარესი იყო პრემიერ-მინისტრის დღევანდელი გამოსვლა.

“ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც, თუ რამე გამოსვლა ყოფილიყო  რომელიც გაგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ სურათს და ნეგატიურ გზავნილს, რომ ჩვენ ჩვენ ყველაზე კარგები ვართ თურმე, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ ომი არ გვინდა… აბსურდული და თან ძალიან შეურაცხმყოფელი  თავისი შინაარსით.

შენ როცა ელოდები ჩვენი პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, როგორც მინიმუმი, მოგეთხოვება ორი რამ – ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგო, რაც მოეთხოვება ნებისმიერ ხელისუფლებას და მეორე, რომ შენ გაიგო შენგან რას ელოდებიან ის პარტნიორები, რომლებიც ზეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ისინი ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს, რომ გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, რომ კი, ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, ამას ჩვენ გავაანალიზებთ და მზად ვართ, ყველამ ერთად არაპოლარიზებულად და არადაპირისპირებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ის, რაც არის ჩვენს მიმართ გზავნილი, რომ თუ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს, პოლიტიკური ნება გამოჩნდება, თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს. ამ დროს, ჩვენ გვესმის და ვინც მოისმინა, ყველა გაოგნებულია დღევანდელი დღით. ვინც მოუსმინა, მგონი გაოგნებულია დღევანდელი დღით. მეც ვარ გაოგნებული.

მინდა აქედან გავაგზავნო ბრიუსელში სხვა  გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლოების ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს, ნებსით ხდება თუ უნებლიეთ, საგანგებოდ არის გაკეთებული, უკვე ამ ყველაფერზე პასუხი აღარ მაქვს“ – განაცხადა ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ვეტო გამოიყენა და კანონპროექტი დაბლოკა

მსგავსი თემები