,,საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ომის პირველივე დღეებიდან საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში, დღეის მდგომარეობით, 260 რეზოლუციაზე გვაქვს თანხმობა მიცემული, პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური დოკუმენტზე ვართ მიერთებული,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ყველა პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ, თუ სოლიდარობის დოკუმენტზეა მიერთებული საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად.

„რაც შეეხება ზოგადად ჩვენი ოპოზიციის კრიტიკას და მათ მიერ აგორებულ აჟიოტაჟს. მინდა, შევეხო უკრაინის ომის თემას, ვინაიდან ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც ყველას ეხება, არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ევროპას, მსოფლიოს, ჩვენს რეგიონს, ჩვენს ქვეყანას და ყველას, ჩვენს მოქალაქეებს. ომის პირველივე დღეებიდან კარგად გახსოვთ, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში. მე პირადად მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან და პირადად ვაცნობე, რომ ქართველი ხალხის სახელით, საქართველოს მთავრობის სახელით ვუგზავნიდით ჰუმანიტარულ ტვირთს. ამის შემდეგ, დღეის მდგომარეობით, 260 რეზოლუციაზე გვაქვს თანხმობა მიცემული. პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური დოკუმენტზე ვართ მიერთებული, ყველა პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ, თუ სოლიდარობის დოკუმენტზეა მიერთებული საქართველო. ყველგან, იქნებოდა ეს გაერო, ევროკავშირი, ეუთო და ა.შ. ყველგან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

მსგავსი თემები