,,არ ვიცი, გვარამიას პატიმრობა უფრო მნიშვნელოვანია თუ საქართველოს ევროპული პერსპექტივა“- გიორგი მარგველაშვილი

საქართველოში 2016 წლამდე მოქმედი უმაღლესი თანამდებობის პირები ევროკავშირს წერილით მიმართავენ, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.  შესაბამისი წერილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს უკვე  გადასცა.

მარგველაშვილის განცხადებით, სანამ ევროსაბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას მიიღებს, ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა და ნიკა გვარამიას გათავისუფლება მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნება.

,,24-მდე კიდევ 3 დღე რჩება, თუ სააკაშვილს სამკურნალოდ გადაიყვანენ და გვარამიას გაათავისუფლებენ, ჩემი აზრით, ეს სერიოზული არგუმენტი იქნება. არ ვიცი, გვარამიას პატიმრობა უფრო მნიშვნელოვანია თუ საქართველოს ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის მიერ შედგენილ წერილს ხელს აწერს 2016 წლამდე მოქმედი ყველა მაღალჩინოსანი. მათ შორის არიან მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები: აკაკი ასათიანი, ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი.

მსგავსი თემები