ბათუმში, ჟურნალისტების ფიზიკურ ძალადობაზე 2 ადამიანი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტების მიმართ განხორეციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. როგორც სამსახურის ხელმძღვანელმა, კოკა კაციტაძემ აღნიშნა, ქალაქ ბათუმში, „TV პირველის“ ოპერატორის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს.

„უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2001 წელს დაბადებული ორი მოქალაქე.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 18 ივნისს, 23:15 საათზე, ქალაქ ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, „TV პირველის“ ოპერატორი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – რესპონდენტთან ერთად პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდა, რა დროსაც მასთან ბრალდებულები მივიდნენ და „TV პირველის“ საქმიანობასთან დაკავშირებით აგრესიული საუბრითა და გინებით უკმაყოფილება  გამოთქვეს. აღნიშნულის შემდეგ, ოპერატორსა და ბრალდებულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ბრალდებულებმა ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აღნიშნულ საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარა. გამოიკითხნენ დაზარალებული ოპერატორი და რესპონდენტები, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მოძიებული და გამოკითხული იქნენ ფაქტის თვითმხილველი პირები, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კერძო და საჯარო ობიექტებიდან გამოთხოვილი იქნა შემთხვევის ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეო კამერის ჩანაწერები – მთლიანობაში რვასაათიანი მონაკვეთი, მოხდა მათი შესწავლა, დამუშავება და დანაშაულში მხილებული პირების იდენტიფიცირება“ – აღნიშნა კოკა კაციტაძემ.

 

მსგავსი თემები