,,საქართველოს ევროპული ბედი საქართველოს ხელშია”- კარლ ჰარცელი

,,გუშინ რაც ვიხილე, იყო ძალიან დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია საქართველოს პროევროპული არჩევანის,” – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროპული ბედი საქართველოს ხელშია და დაუღალავად მუშაობის დროა აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად დღის წესრიგის წინსვლისთვის.

„პოლიტიკურ ხასიათთან დაკავშირებით კომენტარები გვერდზე გადავდოთ. არ გავაკეთებ კომენტარს, მხოლოდ ვიტყვი, რომ კანონიერ, მშვიდობიან ჩარჩოებში დარჩენა არსებითია. რაც გუშინ მოვისმინე იყო ის, რომ გარეთ გამოვიდა ძალიან ბევრი რიგითი ქართველი, რომელთაც სურთ, საქართველომ ისარგებლოს მომენტით, შესაძლებლობით, რომელიც ახლა ევროკავშირის მხრიდან მიეცა და გადადგას სწორი ნაბიჯები წინ, რეალურად წინ წაწიოს საქართველოს ევროპული დღის წესრიგი.

ნებას თუ დამრთავთ, შეგახსენებთ იმას, რაც კომისიამ თქვა პარასკევს. უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივის გახსნა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს ევროკავშირის მომავალი წევრი, რაც არ აგვერიოს მკაფიო „დიახში“ ევროპული კომისიისგან.

გუშინ მოვუსმინეთ პრეზიდენტ მიშელს, რომელიც კარგად არის ცნობილი ამ ქვეყანაში, მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა დროა, გავაცნობიეროთ, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში მომავალი აქვთ. ამ ძლიერი გზავნილებით, ამავდროულად, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მოსაზრება ნაკლებად სახარბიელო იყო, ვიდრე მოლდოვისა და უკრაინისთვის, რაც ხაზს უსვამს ახლა გადამჭრელი ნაბიჯების მიღების საჭიროებას ამ მისწრაფებების დემონსტრირებისთვის. ამისთვის ჩვენ გვაქვს შესასრულებელი საქმეები. ევროპული კომისია ამბობს, რა მოთხოვნები აქვს შესასრულებელი საქართველოს წინსვლისთვის. ვიმედოვნებ, უახლოეს დღეებში ევროპული საბჭოს წევრი სახელმწიფოები დაასკვნიან იმავეს, რაც ევროპულმა კომისიამ. რის შემდეგაც გზავნილი იქნება ძალიან მკაფიო, საქართველოს ევროპული ბედი საქართველოს ხელშია და დაუღალავად მუშაობის დროა აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად დღის წესრიგის წინსვლისთვის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები