გაზი, წყალი, დენი – ამ ეტაპზე, სამომხმარებლო ფასების ზრდა არ იგეგმება

პროფესიონალები  კორექტირებას უწოდებენ, რიგითი მომხმარებლები კი  ფასების მატებას. რაზეა დამოკიდებული ფასების მატება და უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ თუ არა გაზრდილ კომუნალურ გადასახადებს? ამ თემაზე „მედიაცენტრ მთავართან“   საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ – დავით ნარმანიამ ისაუბრა.

„ტარიფების ზრდა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორისაა ინვესტიციები. რაც მეტი ინვესტიცია ხორციელდება სისტემაში, ეს ყველაფერი ტარიფში უნდა აისახოს. განსაკუთრებით, იმპორტის შემთხვევაში, ეს დამოკიდებულია ლარის გაცვლით კურსზე უცხოურ ვალუტასთან მიმართებით. ასევე, ხარჯების სტრუქტურაზე, რომლის აუდიტს მარეგულირებელი კომისია ყოველთვის აკეთებს და მაქსიმალურად დაწურული ფორმით დგება სამომხმარებლო ტარიფები. ბუნებრივია, ენერგოკომპანიები უფრო მეტს ითხოვენ, მათი მოლოდინი უფრო მეტია, თუმცა, ჩვენი მთავარი საზრუნავია საზოგადოებივი ინტერესები. ამიტომ, ვცდილობთ, რომ დაბალანსებული ტარიფები მივიღოთ“ – აღნიშნა სემეკ-ის თავმჯდომარემ „მედიაცენტრ მთავართან“.

დავით ნარმანიას შეფასებით,  ბუნებრივი აირის ტარიფი დადგენილია წლის ბოლომდე.

„ამ ეტაპზე, სამომხმარებლო ტარიფების ზრდის მიზეზები არ გვაქვს. ბუნებრივი აირის ტარიფები დადგენილია წლის ბოლომდე, თუმცა, მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ გაზის ტარიფები გაიზრდება, არ გვაქვს. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ამ ნაწილში დროებითი ტარიფი გვაქვს დადგენილი და მისი გაგრძელება ბაზრის გახსნის ადეკვატურად მოხდება. გარკვეული კორექტირება შესაძლებელია იყოს, თუმცა, დიდ და არსებით ზრდას არ ველოდებით. რაც შეეხება სასმელი წყლის ტარიფებს, ის დადგენილია მომდევნო წლის ბოლომდე, შესაბამისად, აქაც ჯერჯერობთ, რაიმე ტიპის კორექტირების საფუძველი არ გვაქვს“ – განაცხადა დავით ნარმანიამმედიაცენრ მთავართან“.            

 

მსგავსი თემები