პრეზიდენტი სამართალდამცველებს მიმართავს, აქციაზე არ იყოს ექსცესები

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიმდებარედ დაგეგმილ აქციამდე რამდენიმე წუთით ადრე მიმართვა გაავრცელა. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, დღევანდელი დღე არის სახე და ამიტომ, ყველამ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე. პრეზიდენტი ხელისუფლებასა და სამართალდამცველებსაც მიმართავს.

„იშვიათად თუ არის ჩვენს ისტორიაში ასეთი გადამწყვეტი მომენტები.  ჩვენ ვართ ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ისტორიისა და ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ეს. ყველაფერს ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბოლო დღეები ჩვენი ინტერესების წასაწევად. ჩემს ყველა კოლეგასთან ვაგზავნი წერილებს. ასევე, ჩავწერეთ და გავუშვებთ „ტვიტერზე“ ჩემს მიმართვებს. ყველა უნდა იყოს გაფრთხილებული, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეს კვირა მისი ევროპული მომავლისთვის.

ჯერჯერობით, კანდიდატის სტატუსს არ გვანიჭებს, თუმცა, გვაძლევს იმედს, თუ გადავდგამთ იმ ნაბიჯს, რაც ჩვენ გვევალება.

მინდა მივესალმო აქედან ყველა იმ ადამიანს, ვინც აპირებს გამოსვლას დემონსტრაციის დროს. მნიშვნელოვანია ჩვენი სახე ვაჩვენოთ და ეს სახე უნდა იყოს მაქსიმალურად მშვიდი. აქ არავინ მოვიდეს ექსცესებისთვის. მივმართავ სამართალდამცველებს, იყოს შენარჩუნებული სიმშვიდე. მინდა მივმართო ხელისუფლებას და შევაფასო დადებითად ის განცხადება რაც გაკეთდა პრემიერის მხრიდინ. ეს არის დადებითი, ეს არის სწორი. ყველას გისურვებთ მალე ევროპულ საქართველოს. ყველას გვინდა ნათელი მომავალი, ევროპული საქართველო და ევროპული პერსპექტივა“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთში პარლამენტის შენობის წინ აქცია – “შინ ევროპისკენ” დაიწყება.

 

 

მსგავსი თემები