„აი, რაზე წუხს ბიძინა ივანიშვილი და რატომ დაიწყო ხოშტარიას და გახარიას „გაშავების“ კამპანია“ – კახა ოქრიაშვილი

მმართველი გუნდის განცხადებაზე ელენე ხოშტარიას რუსეთთან კავშირებსა და რუსული ფულის მიღებასთან დაკავშირებით პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ოქრიაშვილი აცხადებს, ეს გათვლა გაკეთდა ამომრჩევლის იმ ნაწილზე, რომელიც ნებისმიერ სისულელეს იჯერებს.

„ბატონმა ივანიშვილმა, მდინარაძის მეშვეობით, შემოგვთავაზა ნახევარსაათიანი ბრიფინგი, რომელიც ეძღვნებოდა ქალბატონ ელენე ხოშტარიას. ნახევარი საათის განმავლობაში, ვიღებდით ინფორმაციას, რომ ელენე ხოშტარიას, რუსეთის დიდი თეატრიდან, ოფიციალურ საბანკო ანგარიშზე ერიცხება გარკვეული რაოდენობის რუსული რუბლი. ჩვენ, ქართველი ამომრჩეველი, უნდა დავეჭვდეთ, არის თუ არა ხოშტარია რუსეთის ჯაშუში, რადგან რუსეთში ყველაზე პრესტიჟული რუსული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და თან, თეატრიდან ფულიც ერიცხება. გათვლა კეთდება ამომრჩევლის იმ ნაწილზე, რომელიც ტელევიზიიდან მიწოდებულ ნებისმიერ სისულელეს იჯერებს. არ მგონია, რომ მსოფლიოში რომელიმე ჯაშუშს ოფიციალურად ურიცხავდნენ ფულს. მაშ, რა ხდება სინამდვილეში? რატომ ერჩიან ბოლო ორი დღეა ელენე ხოშტარიას და გიორგი გახარიას?!“ – აცხადებს ოქრიაშვილი.

მისივე შეფასებით,  როგორც კვლევები აჩვენებს, ჩვენი მოსახლეობის 90 % და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 70 %-ზე მეტი მყარად პროევროპულია.

„ბიძინა ივანიშვილის მოქმედებების გამო, რომლის შედეგად, ჩვენ ვერ მივიღეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი და პირველი ყვითელი ბარათი გვიჩვენეს, ვადა წლის ბოლომდე მოგვცეს. თუ წლის ბოლოს მეორე ყვითელ ბარათს გვიჩვენებენ, საქართველოსთვის ევროპის კარი დაიკეტება.  ეს მოცემულობა სწორად გაიაზრა „ოცნების“ ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა და მიხვდა, რომ ეს პარტია არ არის პროევროპული, ის ღიად  პრორუსული ძალაა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სწრაფ გამარჯვებას და საბოლოოდ, არამხოლოდ ოკუპირებული 20 %-ის, არამედ მთლიანი საქართველოს ჩაბარებას ელოდა რუსეთისთვის. ამის გამო, „ოცნების“ ამომრჩეველი ტოვებს ხმის მიმცემთა  რიგებს და ფიქრობს, ვის მისცეს ხმა:  „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოსწონთ, წარსულის გამო და როგორც კვლევები აჩვენებს, მოსწონთ ელენე ხოშტარიას პარტია და გიორგი გახარიას პარტია.

აი, რაზე წუხს ბიძინა ივანიშვილი და რატომ დაიწყო ხოშტარიას და გახარიას „გაშავების“ კამპანია. ეს კამპანია ემსახურება მიზანს, რომ „ოცნების“ პროევროპელი ელექტორატი არ წავიდეს პროევროპულ პარტიებთან, რომელთაც მიზანმიმართულად აბრალებენ პრორუსულობას.

ჩემი შენ გითხარიო – ყველას ახსოვს გავრილოვის დღე. ჩემთვის „ოცნების“ ისტებლიშმენტი „გავრილოვიჩები“ არიან, რომლებიც დიდი ხანია ყიდიან საკუთარ ქვეყანას. გავრილოვის ჩამოყვანა აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ  „ოცნების“ რიგებში არამხოლოდ მრავალი პრორუსი, არამედ რუსულ სპეცსამსახურებს დაქვემდებარებული მონები არიან. აქვე, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს რუსული პასპორტები აქვთ, მისი სიმდიდრე დღემდე რუსეთზეა დამოკიდებული და რუსეთთანაა დაკავშირებულ, ამიტომ ის არა ქართველი, არამედ რუსი ოლიგარქია“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

 

მსგავსი თემები