,,ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას მიღებული, ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია”- კარლ ჰარცელი

,,როცა შედეგებს ვუყურებთ, არ შეიძლება, არ აღინიშნოს, რომ საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ და ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. დღეს ევროკომისიამ საქართველოს თანხმობა გამოუცხადა, და ეს ისტორიული მომენტია,”- ამის შესახებ აქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ბრიფინგზე განაცხადა.

ელჩის განცხადებით, პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკომისიამ საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

„ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა და გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, როდესაც მთელი რიგი პრიორიტეტული ქმედებებისა წარმატებით განხორციელდება. ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა ამ გზავნილის მნიშვნელობას. კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველო უნდა იყოს აღიარებული როგორც ქვეყანა, რომლისთვისაც ევროკავშირის მომავალი წევრობის კარი ახლა ღიაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკომისია აკეთებს ამ რეკომენდაციას საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვისთვის და თუ ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდება, საქართველოს სტატუსი ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალ სიმაღლეზე ავა. ამ პოზიციიდან კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე გადასვლის პერსპექტივა, რაც კიდევ ერთი გზაა იმის სათქმელად, რომ ქვეყანა მზად იქნება, დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობისთვის, ასევე მოცემულია ამ მოსაზრებაში მას შემდეგ, როდესაც საქართველო შეასრულებს პრიორიტეტების ნაკრებს, როგორც ეს მოსაზრებაშია ასახული.

ამ პრიორიტეტების, ამ პირობების უმეტესობა არის ცნობილი საკითხები, რომლის შესახებაც ევროკავშირმა წარსულში, სხვადასხვა დროს უკვე გამოთქვა შეშფოთება. კომისარმა ვარჰეიმ ბრიფინგზე მათგან ხუთი ხაზგასმით აღნიშნა. დაწყებული იმით, რომ საჭიროა მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვა პარტიებს შორის თანამშრომლობისკენ დაბრუნებით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად. ეს არის მთავარი, როგორც წარსულში არაერთხელ აღინიშნა და რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც ხმა მისცა პროევროპულ პარტიებს, სამართლიანად უნდა მოელოდოს თავისი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან.

კომისარმა ასევე აღნიშნა სასამართლო რეფორმა. კიდევ ერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებით ევროკავშირი შეშფოთებას დიდი ხნის განმავლობაში გამოთქვამს, ისევე როგორც კორუფციასთან ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლა, სფერო, სადაც საქართველოს უკვე აქვს კარგი გამოცდილება და თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს დაცვა.

ეს არის ცხადი საკითხების ჩამონათვალი, მაგრამ ამჟამად, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მზადყოფნა და უნარი, შეუდგეს მუშაობას პრიორიტეტების ამ ჩამონათვალის შესასრულებლად, რაც მოითხოვს ყველა პოლიტიკური პარტიის, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების და ასევე სხვების ჩართულობას.

როდესაც შედეგებს ვუყურებთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ. ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. როგორც უკვე ვთქვი, ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები