,,ოპოზიცია აანონსებს პოლარიზაციას და 20 ივნისი უნდა იყოს პოლარიზაციის რეპეტიცია”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე  შარლ მიშელის შეთანხმებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების მთავარი საფუძველი პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება იყო, რასაც ოპოზიცია  100 დღე ხელს არ აწერდა.

კობახიძის განმარტებით, 20 ივნისს დაგეგმილი აქცია პოლარიზაციის გაღრმავებას ემსახურება.

„აქ საუბარია 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაზე და სულისკვეთება რა იყო, გამიზნული იყო იმაზე, რომ დაესრულებინა პოლარიზაცია, ასეთ დროს არათუ პოლარიზაციის წინააღმდეგ არ დგამენ ნაბიჯებს, არამედ აანონსებენ პოლარიზაციას და 20 ივნისი უნდა იყოს რეპეტიცია ამ პოლარიზაციისთვის. 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით არც მაშინ მოქმედებდა ოპოზიცია, ამიტომ არ მოაწერა ხელი 100 დღე ამ დოკუმენტს და არ მოქმედებს არც დღეს. ჩვენ ყოველთვის ვაგრძელებდით 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით მოქმედებას, ვდგამდით ნაბიჯებს პოლარიზაციის წინააღმდეგ და ახლაც იგივეს ვაკეთებთ. რაც შეეხება რადიალურ ოპოზიციას ისინი მოქმედებდნენ ყოველთვის ამ სულისკვეთების წინააღმდეგ, იგივე სულისკვეთებით აგრძელებენ მოქმედებას.

19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული და ერთადერთი დოკუმენტი რაც მოქმედებს არის დღევანდელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის გარშემო მზად ვართ, დავსხდეთ ნებისმიერთან და ნებისმიერი რეფორმა განვიხილოთ, ოღონდ ამის წინაპირობა არის პირველი პუნქტის შესრულება, ეს არის პოლარიზაციის შემცირება და ამ დროს ხედავთ, ამ წუთებშივე ოპოზიცია საუბრობს პრორუსულ რეჟიმზე, კრიმინალურ რეჟიმზე, ოლიგარქებზე და ა.შ. ვერ მოიშალეს ეს პოლარიზაციისკენ მიმართული საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციას ქვეყნის დაზიანების უფლებას არ მისცემს.

„ჩვენ მზად ვართ გადავდგათ ნაბიჯები, დავსხდეთ ამ დოკუმენტის გარშემო, მაგრამ ამას ოპოზიცია ხედავთ, რომ არ აკეთებს, პირიქით აანონსებს აქციებს. ბაკურიანის შეკრების მონაწილეები 20 ივნისს გვიანონსებენ აქციას, რაც წარუმატებლობისთვის არის განწირული. საბოლოო ჯამში, ისინი ხელისუფლებას ვერაფრით დააზიანებენ, ერთადერთი რაც შეიძლება დააზიანონ არის ქვეყანა, მაგრამ მერწმუნეთ, ქვეყანასაც არ დავაზიანებინებთ ამ ხალხს,“- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები