,,რუსეთი აგრძელებს ევროპის დაშინებისთვის ახალი გზების ძიებას და ჩვენი მიწის მიტაცებას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სოტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და უნდა ვეძებოთ გზები მშვიდობისკენ.

ზელენსკის თქმით, რუსეთი აგრძელებს ევროპის დაშინებისთვის ახალი გზების ძიებას და სურს დაანახოს მსოფლიოს, რომ ევროპული ერთიანობა არ იქნება ეფექტური.

„რუსეთს არ სურს მშვიდობა. მას მხოლოდ ომი სურს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, მოსკოვი აგრძელებს ძალადობრივ აგრესიას დონბასში და წინ მიიწევენ ხარკოვში, ასევე აძლიერებენ პოზიციებს ჩემი ქვეყნის სამხრეთში. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და უნდა ვეძებოთ გზები მშვიდობისკენ. დღეს, როდესაც საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სირენები ჩაირთო, ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ რუსეთი აგრძელებს ევროპის დაშინებისთვის ახალი გზების ძიებას და მეტი ჩვენი მიწის მიტაცებას. რუსეთის მიზანია უკრაინის გატეხა, შესაბამისად, ევროპის გატეხა. მოსკოვს სურს, დაანახოს მსოფლიოს, რომ ევროპული ერთიანობა არ იქნება ეფექტური და თავისუფლების დასაცავად ევროპული ღირებულებები არ იმუშავებს. ეს სურს მოსკოვს, ჩვენ კი მისი გეგმები უნდა ჩავშალოთ, ვაჩვენთ, რომ ევროპა იქნება თავისუფალი, დემოკრატიული და ერთიანი. ჩვენი ერთიანი და მტკიცე პოზიციის მთავარი გამოხატულება იქნება უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შეუძლია, ისტორიულად გააძლიეროს თავისუფლება, ევროპა და იქნება 21-ე საუკუნის დასაწყისში მიღებული ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილება იქნება ჩვენი საერთო, ისტორიული წარმატება. ცხადია, ჩვენ ვხვდებით, რომ ჩვენი გზა ევროკავშირისკენ არის გრძელი, მაგრამ ჩვენ პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ჩვენ ვართ მზად, დავიწყოთ მუშაობა, რათა უკრაინა საბოლოოდ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები