,,ზურაბიშვილი საკუთარი პოზიციის გაძლიერებას ცდილობს ივანიშვილის კარზე”- გიგა ბოკერია

,,ზურაბიშვილი საკუთარი პოზიციის გაძლიერებას ცდილობს ივანიშვილის კარზე, ეს არაფერ შუაშია იმ პრობლემასთან, რაც ჩვენ გვაქვს,”- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს საკუთარი რეპუტაცია დაიცვას.

„ევროპული არჩევანი არის როგორი ქვეყანა ხარ, როგორ ცხოვრობ. ამიტომ სწორედ ევროპული, თავისუფალი არჩევანის საწინააღმდეგო ამბავია ფარისევლობა, ბუნდოვანების შეტანა და მკაფიო პოზიციის არქონა იმაზე თუ ვინ რას წარმოადგენს. ხვალ რომ თქვას „ალტინფომ“ გადავიფიქრეთ, ჩვენ გვინდა ევროპა, მოდით ერთად დავდგეთო, ოღონდ ყველა სხვა საკითხში ისევ ისე იქცეოდნენ, როგორც ახლა იქცევიან, იგივეა ეს რეჟიმიც. ამ რეჟიმის პრობლემა ის კი არ არის, რომ ფორმალურად არ იძახიან ევროპული მომავალი გვინდაო, შინაარსში არიან ანტიევროპულები და ანტიდასავლურები, ეგ უნდა ვამხილოთ. ჩვენი ამოცანა ამ რეალობის შეცვლაა და ეს რაღაც სისულელეა, თითქოს უნდა დავასწროთ გადაწყვეტილებას და ვაჩვენოთ ჩვენი არჩევანი, თითქოს ახლა რამდენიმე დღეში წყდება საკითხი. ვითარება ამ რელსებზე უკვე კარგა ხანია დგას, უბრალოდ კიდევ უფრო დამძიმდა ეს ყველაფერი უკრაინაში პუტინის ბოლო აგრესიის შემდეგ, გარემოებებმა კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენა როგორი მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქვეყნის შიგნით. ამ ყველაფერს სხვათა შორის ცალკეული პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებაც არ უშველიდა, მაგრამ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ფაქტორი, იმისა რომ იქნებ რამე იცვლება, მაგრამ ჩვენ კი ვნახეთ, რომ ბევრჯერ მოხდა მსგავსი რამ მანევრირებისთვის და შემდეგ ისევ განახლდა დაჭერები. ავტორიტარული რეჟიმები ასე იქცევიან ხოლმე, ვიღაცას გაუშვებენ და მერე დაიჭერენ. არსებითი ვითარება გვაქვს შესაცვლელი“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი თემები