,,სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ დღესვე უნდა გამოსცეს აქტი”- რომან გოცირიძე

,,როცა სალომე ზურაბიშვილი მართავს აქციას, ამ აქციას უნდა ჰქონდეს მისი მატერიალური მხარე, რაც ერთი პრობლემის გადაწყვეტაში მაინც უნდა გამოიხატებოდეს,”- ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა დღესვე უნდა გამოსცეს ნიკა გვარამიას შეწყალების აქტი.

,,ხელისუფლების წყალობით, საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ უნდა იყოს უკრაინა და მოლდოვა ერთმანეთს დაცილებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტრიოს შეიძლება დასცილდეს საქართველო. რაც ყველაზე ცუდია, მან ქვეყანა მოიხსენია სხვა გეოპოლიტიკურ სიბრტყეში, ეს არის ფაქტობრივად ჩვენი გადაგდება ევრაზიულ სივრცეში. აქამდე მიიყვანა ხელისუფლებამ ქვეყანა და როცა სალომე ზურაბიშვილი მართავს აქციას, ამ აქციას უნდა ჰქონდეს მისი მატერიალური მხარე, რაც ერთი პრობლემის გადაწყვეტაში მაინც უნდა გამოიხატებოდეს, ეს არის პოლიტიკური დევნის საკითხი. ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ დღესვე უნდა გამოსცეს აქტი, ვინაიდან სპეციალურ რეზოლუციაში, რომელიც პოლიტიკურ დევნას და მედიათავისუფლებას ეხებოდა, იყო დასმული ნიკა გვარამიას უსამართლო პატიმრობის საკითხი, ამ საკითხს მაინც თუ გადაჭრის, შეიძლება ითქვას, რომ ამ შეკრებას აზრი ჰქონდა,”- განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი თემები