,,ეკა გიგაური 20 წელია, ბრეჟნევივით არის ერთი და იგივე „ენჯეოს“ ხელმძღვანელი და იღებს დაფინანსებას ერთი და იგივე წყაროდან”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეკა გიგაურის განცხადებები მეორე ფრონტის შესახებ აზრის მომწიფებას ემსახურება. კობახიძის თქმით, გარკვეულ პირებს ამგვარი აზრის მომწიფება არ გამოუვიდათ, თუმცა საზოგადოებას ყველაფერი ახსოვს.

„წაგიკითხავთ ტექსტს, თავად შეგიძლიათ, განსაჯოთ, რას ამბობდა ეკა გიგაური მაშინ და როგორ იხევს ახლა უკან. ეკა გიგაური: „რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ჰყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთ“. ეს არის ციტატა და ახლა ამბობს, რომ სხვა რამეს ამბობდა. საზოგადოებას ახსოვს ყველაფერი და არაფერი ავიწყდება, მით უმეტეს, რომ ვერც „ფეისბუქიდან“ და ვერც მედიასაშუალებებიდან ამ ყველაფერს ვერ წაშლი. რასაც ამბობდა მაშინ, ახლა იმას უარყოფს და საზოგადოება ხედავს, რა იყო მისი განცხადებების შინაარსი. პირდაპირი აზრის მომწიფების მცდელობა იყო ის, რასაც ამბობდნენ გიგაური, უსუფაშვილი, მარგველაშვილი. ჭიაბერაშვილმა გააგრძელა ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. მედიასაშუალებები პირდაპირ ხსნიდნენ იმას, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ცხინვალისა და სოხუმის აღება. ეს იყო მათი რიტორიკა, აზრის მომწიფების მცდელობა, რაც ჩაუვარდათ. ახლა გასაგებია, რომ გიგაური უკან იხევს, რადგან აზრის მომწიფება არ გამოუვიდა, თუმცა საზოგადოებას აბსოლუტურად ყველაფერი ახსოვს.

არსებობს ლოგიკური ჯაჭვი, გიგაურის ეს განცხადება ვიღაცას აძლევს იმის თქმის საბაბს, რომ დასავლეთია დაინტერესებული მეორე ფრონტით. 20 წელია, ბრეჟნევივით არის ერთი და იგივე „ენჯეოს“ ხელმძღვანელი და იღებს დაფინანსებას ერთი და იგივე წყაროდან, ხომ? როდესაც გიგაური ამას ამბობს, შემდეგ ეს ვიღაცისგან, მიეწერება, რა თქმა უნდა, დასავლელ პარტნიორებს. ამიტომ, როცა გიგაური ამას ამბობს, მნიშვნელოვანია, იქ მოხდეს ასეთი განცხადების მყისიერად უარყოფა. როდესაც უსუფაშვილი, მარგველაშვილი, ჭიაბერაშვილი და სხვები ამ განცხადებას აკეთებენ და შემდეგ სელფებს იღებენ უცხოელ დიპლომატებთან თუ პარტნიორებთან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს ასეთი განცხადებებიდან გამიჯვნა. როდესაც ვიღაცები ცდილობენ, მოამწიფონ აზრი მეორე ფრონტის შესახებ და ამას არავინ ემიჯნება, ეს, რა თქმა უნდა, აჩენს გარკვეულ საფუძველს თუ საბაბს. ეკა გიგაურის ციტატა მოგიყვანეთ. მოვიყვან ციტატებს ჭიაბერაშვილის, გიგაურის, ლომჯარიასა და სხვების. პირდაპირი განცხადებებია გაკეთებული, რომელიც ემსახურება მეორე ფრონტის შესახებ აზრის მომწიფებას. უნდა გაემიჯნონ ამას და თუ გაემიჯნებიან, ამ შემთხვევაში, მერწმუნეთ, რომ ვიღაც ექსპერტებს აღარ ექნებათ საბაბი, რომ ასეთ ვერსიებზე ისაუბრონ. ისინი თვითონ ქმნიან ასეთ საბაბს, რომ ექსპერტები ალაპარაკონ დასავლეთის ინტერესზე მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები