,,განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერა, მათ შორის საქართველოსი”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი განიხილავს, გაძლიერდეს რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერა, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის და საქართველოსი.

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მზად არის, გააგრძელოს უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება და მხარი დაუჭიროს ევროპაში ახლო პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობას.

„ორ კვირაში ნატო-ს ლიდერები შეიკრიბებიან მადრიდში ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ათწლეულების განმავლობაში ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. რუსეთი ჩართულია აგრესიის სასტიკ ომში უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რაც იწვევს ფართომასშტაბურ მსხვერპლს და განადგურებას, ასევე გლობალურ შედეგებს, რაც წარმოდგენილია სასურსათო და ენერგოკრიზისით, რომელიც მიზანმიმართულად მართულია რუსეთის მიერ. ამ უფრო მეტად საშიშ მსოფლიოში ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ნატო, ჩვენი პარტნიორების შემდგომი მხარდაჭერა. სწორედ ამას გავაკეთებთ ამ კვირაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე. ამ საღამოს ჩვენ შევხვდებით უკრაინას, საქართველოს, შვედეთს, ფინეთს და ევროკავშირს. ეს იქნება თავდაცვის მინისტრ რეზნიკოვისთვის შესაძლებლობა, მოგვაწოდოს განახლებული ინფორმაცია, თუ რა სჭირდება სასწრაფოდ უკრაინას. ნატო-ს მოკავშირეები კი გააკეთებენ უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ახალ განცხადებებს. ალიანსი მზად არის, გააგრძელოს უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, რომელიც მას სჭირდება გამარჯვებისთვის, მათ შორის მძიმე შეიარაღება და გრძელ მანძილზე მოქმედი სისტემები. ასევე განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ რისკის ქვეშ მყოფი სხვა პარტნიორების პრაქტიკული მხარდაჭერა, მათ შორის ბოსნია და ჰერცეგოვინა და საქართველო.

ალიანსმა და პარტნიორებმა უკვე მიაწოდეს მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა, ასევე ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება. ველოდები, რომ სამიტზე ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდებიან უკრაინისთვის დახმარების ყოვლისმომცველ პაკეტზე, რაც გრძელვადიანად დაეხმარება უკრაინას გადავიდეს საბჭოთა დროის აღჭურვილობიდან თანამედროვე ნატო-ს აღჭურვილობაზე და გააუმჯობესეს ნატო-სთან ურთიერთავსებადობა. ალიანსი მტკიცედ უჭერს ევროპაში ჩვენი ახლო პარტნიორების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და თითოეული ქვეყნის უფლებას, აირჩიოს თავისი გზა გარე ჩარევისგან თავისუფლად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები