,,მე არ მინდა არც „ნაცების“ მხარეს, არც „ქოცების“ მხარეს“- ვახტანგ მეგრელიშვილი

,,გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტია არ წავა აქციაზე არც 16 ივნისს და არც 20 ივნისს. მისი თქმით, დაანონსებული ორი აქციის ფონზე, ერთიანობა მიღწეული ვერ იქნება.

„აბსოლუტურად ვეთანხმებით ქალბატონ სალომეს, რომ ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მაინც ორი აქცია გვექნება და შესაბამისად ეს ერთიანობა მთლად მიღწეული ვერ არის იმ ვერსიაში, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა დაასახელა. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ორივე მხარეს, აბსოლუტურად ვიზიარებთ ქალბატონი სალომეს ერთიანობის მოწოდებას, ამიტომ ჩვენ 18-ში დავაანონსეთ აქცია, რომელზე მოსული ადამიანებიც შეგვიძლია, მივაწეროთ, როგორც 16-ში აქციას, ისე 20-ში აქციას. აქედან გამომდინარე ჩვენ წავალთ აქციაზე 18-ში და ჩაგვთვალეთ, როგორც 16-ში, ისე 20-ში მისულებად. ანუ არც 16-ში და არც 20-ში მივალთ, ოღონდ 16-ის აქციის მონაწილეებსაც მივეწერებით და 20-ის აქციის მონაწილეებსაც. მესმის, როგორ შეიძლება, ეს გამოიყურებოდეს, მაგრამ ბევრად უფრო არასერიოზულად გამოიყურება, როგორც „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება საკუთარი პრეზიდენტის მიმართ, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება საკუთარი პრეზიდენტის და მათ შორის მისი მცდელობის მიმართ, რომ სხვისი გაფუჭებული საქმე ნაწილობრივ მაინც შეეცადოს, გამოასწოროს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვეხმარებით ქალბატონ პრეზიდენტს ამ არასერიოზული ვითარების გასერიოზულებაში. აი, შუაშისტები, რომლებიც არ მივლენ არც 16-ის და არც 20-ის აქციაზე, მშვიდ გარემოში შევიკრიბებით და მივეწერებით ორივე აქციას. თუ ოპოზიცია წავა 16-ში, ასევე „ქართული ოცნება“ და მოვახერხებთ, რომ გავერთიანდეთ ევროპის მოედანზე, თუ დავინახეთ, რომ ეს მცდელობა გამოდის, ამ შემთხვევაში მე შევუერთდებოდი ამ აქციას, მაგრამ თუ დავინახე, რომ ეს კვლავ დაპირისპირების საბაბი ხდება, ბუნებრივია, მე არ მინდა არც „ნაცების“ მხარეს, არც „ქოცების“ მხარეს და აქედან გამომდინარე, 18 არის გადასარევი შუაშისტური ციფრი“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მსგავსი თემები