,,კიდევ კარგი მართლა მთავარსარდალი არ არის სალომე ზურაბიშვილი”- ირაკლი კობახიძე

,,ჰაერიდან არაფერი არ არის მოტანილი, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, მე არ ვიცი, ეს ღიმილის მომგვრელია, კიდევ კარგი მართლა მთავარსარდალი არ არის სალომე ზურაბიშვილი,”- ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი რომ გაეშვა მთავრობას, ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა

„რაც შეეხება უკრაინის, სანქციებისა და მეორე ფრონტის თემას, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ლოიალურად შეაფასა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოში უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინელი ქალებისა და ბავშვების გარდა, ქართველი ქალები და ბავშვებიც უნდა იხოცებოდნენ. ამასთან, აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების ნებისმიერი ასეთი განცხადება უპასუხოდ უნდა დავტოვოთ. სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებაზე რაიმე კომენტარის გაკეთება საჭიროდ არ მიგვაჩნია;

ორიოდე კვირის წინ, საპარლამენტო დებატების დროს, ოპოზიციამ ერთმანეთისგან ვერ გაარჩია სანქციები და სანქციებისთვის გვერდის არავლის მექანიზმები. ის, რაზეც მაშინ ოპოზიციას სამართლიანად დასცინეს, ახლა სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა;

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის თემა მოგონილია. როგორც მან განაცხადა, ვციტირებ, „მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე არ არსებობს“. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალომე ზურაბიშვილს შევახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო თბილისიდან 40 კილომეტრში, არა ნატო-ს, არამედ რუსეთის ჯარი დგას. რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა და უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაგვეშვა, ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა. ვინ ითხოვდა ამ ნაბიჯების გადადგმას, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, კარგად მოიკითხოს. აღარაფერს ვამბობთ რადიკალური ოპოზიციის, მისი კუთვნილი ტელევიზიების, ენჯეოებისა და ცალკეული უცხოელი პარტნიორების რიტორიკაზე, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ამ აზრის მომწიფებას ისახავდა მიზნად. სალომე ზურაბიშვილს გვინდა ვუთხრათ, ვინმეს თუ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამას მას არავინ ეტყვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მეორე ფრონტის გახსნის არავითარი ბერკეტი არ აქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.​

მსგავსი თემები