პრეზიდენტი აცხადებს, რომ რეზოლუცია ივანიშვილთან დაკავშირებით უსამართლოა და მთავრობამ ვერ იმუშავა

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მთავრობამ ევროპარლამენტარებთან ვერ იმუშავა და ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ის რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო.

„გაფუჭებული საქმე ყველაზე ნათლად გამოჩნდა რეზოლუციის იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იყო გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ რეზოლუციის მომზადებაში“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მისივე შეფასებით, ამ მიმართულებით ოპოზიციამ ხელისუფლებს აჯობა, რადგანაც მათ ევროპარლამენტთან კარგად იმუშავეს.

„ეს ეხება ევროპარლამენტის ყველა პარტიას, თავის მხრივ, ოპოზიცია მუშაობდა თავისი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი ის სამუშაო, რომელიც მას ევალებოდა, არ ჩაუტარებია, არჩია ხან დუმილი, ხან შეურაცხმყოფელი პასუხები სერიოზულ კითხვებზე, შედეგიც მიიღო. ეს რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილების დაანონსება, რომლის ფაქტობრივი საფუძველიც ამჟამად არ არსებობს. საზოგადოება არ უნდა იყოს შეყვანილი შეცდომაში, ეს რეზოლუცია მხოლოდ ერთგვარი გაღიზიანების გამოვლენაა, ზოგი კი რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილის და უმოქმედობის შედეგია“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები