,,თუ სტატუსს არ მოგვცემენ, მაშინ შეიძლება ხალხმა დასვას კითხვა: რა ვქნათ, დსთ-ში შევიდეთ, რომ სტატუსი მივიღოთ”- სოზარ სუბარი

,,თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა მართლაც დასვას კითხვა, რა ვქნათ – დსთ-ში შევიდეთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, თუ მოლდოვას მსგავსად ნეიტრალური სტატუსი გამოვაცხადოთ? – ამის შესახებ განცხადებას სოზარ სუბარი აკეთებს.

სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დიდი მსხვერპლი გაიღო და რეფორმების გატარების კუთხით, საქართველო უსწრებს მოლდოვას და უკრაინას.

,,ჩვენი ქვეყნის ამოცანა არის ევროკავშირში გაწევრიანება. ეს საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერა და ერთადერთი პარტია, ვინ ამ ჩანაწერს ხმა მისცა, არის “ქართული ოცნება“. საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული ჰქონდა, რომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის მოსაპოვებლად 2024 წლისთვის გავაკეთებდით განაცხადს, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომმა პროცესი დააჩქარა და განაცხადი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად შევიტანეთ. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ უკრაინა ევროკავშირში წევრობისთვის და ევროპული ღირებულებების დაცვისთვის ძალიან დიდი მსხვერპლს იხდის, დიახ, ვეთანხმები, ეს არის სიმართლე და სამწუხარო რეალობა. ეს ფასი საქართველომაც გადაიხადა და დღესაც ვიხდით – ეს არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, სამი ომი, ჩვენი გარდაცვლილი არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ჯარისკაცები, დანგრეული ქალაქები და სოფლები. თუ საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირის წევრობა გარკვეული რეფორმების გატარებას და კრიტერიუმების დაკმაყოფილებას მოითხოვს, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ამ კრიტერიუმებით გაცილებით წინ დგას, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღებას ომის გაჩერება შეუძლია, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერდი, რომ სტატუსი უკრაინამ პირველ რიგში მიიღოს, თუმცა არ მგონია, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ომის შეჩერების წინაპირობა იყოს. ხოლო თუ ამის წინაპირობა არ არის, საქართველოს გამორჩევა სწორი არ იქნებოდა. მე ჩვენი მეგობრებისგან – უკრაინელებისგან და მოლდოველებისგან ველი, რომ როგორც ჩვენ ვამბობთ, რომ სტატუსი სამივემ ერთად უნდა მივიღოთ, მათაც იგივე პოზიცია ჰქონდეთ“, -აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მსგავსი თემები